HR კომპანია One Point-ში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში კომპანიების ნაწილი ახალი თანამშრომლების აყვანისგან თავს იკავებს.
როგორც BMG-ის კომპანიის მმართველმა პარტნიორმა უმუშევრობის დონის ზრდის შეფასებისას განუცხადა, ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე, ბიზნესის ნაწილს განვითარების გეგმები კვლავ გადავადებული აქვს, რაც მათ საკადრო გადაწყვეტილებებზეც აისახება.
“რამდენიმე ფაქტორი არის, რაც განაპირობებს დასაქმების ბაზრის ასეთ ვითარებას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაცია უკვე ამდენი ხანია ქვეყანაში და ბუნებრივია, ეს თავის გარკვეულ გავლენებს ახდენს დასაქმების ბაზარზე. სტაბილურობა ბიზნესისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ განვითარდეს, გაფართოვდეს, მეტი ინიციატივები ჰქონდეს, მეტი ახალი პროდუქტი და მეტი გაფართოება ჰქონდეს ბაზარზე. ასევე, [უცხოური] ინვესტიციებიც ძალიან შემცირებულია და ბუნებრივია, რომ ეს ფაქტორიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს დასაქმების ბაზარზე. სამუშაო ადგილები იმ ტემპით აღარ იზრდება, უმუშევრობა ძალიან გაზრდილია. ამავდროულად, გაზრდილია შრომითი მიგრაცია.
ჩვენ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ საქართველოს და უცხოურ ბაზარზეც. უცხოური კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ადგილზე ქართველი პროფესიონალის დასაქმებით, ბოლო პერიოდში თავს იკავებენ [თანამშრომლების აყვანისგან] იმიტომ, რომ ელოდებიან [მოვლენების განვითარებას]. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და ამ ნაწილში პოლიტიკური დესტაბილიზაცია ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ყველა ბიზნესი ცდილობს, რომ მინიმალური რესურსებით მოახდინოს მინიმალური განვითარება. ეს ძალიან ორგანული რეაქციაა ბიზნესის მხრიდან, იმიტომ, რომ ბუნებრივია, ერიდება რისკების ზრდას და ამ მხრივ ესეც პირდაპირ კავშირშია, რომ თავს იკავებს დამატებითი რესურსების მობილიზებისგან და დამატებითი ბიზნეს განვითარებისგან, რაც ბუნებრივია, ეკონომიკაზე კარგად ვერ აისახება”, - განაცხადა ნინო ნიაურმა.
ცნობისათვის, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით 14.3%-მდე გაიზარდა, რაც თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლებამ განაპირობა. კერძოდ, მეორე კვარტალში საქართველოში თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29.3 ათასით, 422.2 ათასამდე შემცირდა. ამასთან, ამავე პერიოდში მცირედით, მხოლოდ 4.7 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა.




























