მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო წლებში შრომის ბაზარზე დინამიკა არსებითად არ გაუმჯობესებულა - ეკონომისტი

დასაქმება

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ შრომის ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.

როგორც BMG-სთან PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარი აცხადებს, გასულ პერიოდში უმუშევრობის შემცირება მნიშვნელოვანწილად საქართველოდან გაზრდილი ემიგრაციით და სახელმწიფო დასაქმების მოკლევადიანი პროგრამით იყო განპირობებული.

გოჩა ქარდავას განცხადებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან საქართველოს მოსახლეობის წმინდა ემიგრაციამ 72 ათასი ადამიანი შეადგინა, ანუ გასულ წელს ქვეყანა 72 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. რაც შეეხება საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას, მისი თქმით, 2023 წლის მონაცემებით, დროებით სამუშაოებზე 33 ათასამდე სოციალურად დაუცველი იყო დასაქმებული.

„თუ გვინდა შევაფასოთ, რამდენად გაუმჯობესდა შრომის ბაზრის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წელში, ეს მაჩვენებლები ზუსტად ვერ ასახავს იმ რეალობას, რომელიც გვაქვს. ორი მთავარი მიზეზია, რის გამოც ბოლო წლებში უმუშევრობა მცირდება. პირველი - საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც არაა ტიპური გაგებით დასაქმება, სადაც ადამიანები ეკონომიკურად აქტიურები ხდებიან, გამოიმუშავებენ შემოსავალს და გადასახადია გადამხდელები ხდებიან. ესაა უბრალოდ ერთგვარი დახმარების პროგრამა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ვერანაირად ვერ იქნება მდგრადი.

მეორე ფაქტორი, რაც უმუშევრობას ამცირებს, ემიგრაციაა. თუ ადამიანები ქვეყანას ტოვებენ და ამის ხარჯზე უმჯობესდება შრომის ბაზრის მდგომარეობა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა და გაუმჯობესდა გარემო, რაც საზოგადოების გაზრდილ კეთილდღეობას გამოიწვევდა. შესაბამისად, თუ ბოლო წლების დინამიკას შევხედავთ, ამ მიმართულებით არსებით გაუმჯობესებაზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა გოჩა ქარდავამ.

ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 16.4%-მდე იყო შემცირებული, 2022 წლის 17.3%-დან. 2024 წლის მესამე კვარტალში კი უმუშევრობის მაჩვენებელი 13.8%-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები