ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დეკემბერში დასაქმების ბაზარზეც აისახა. დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიების კლება ოქტომბრიდან დაიწყო და პიკს დეკემბერში მიაღწია.
PMCG-ის მონაცემებით, jobs.ge-ზე ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით 19, 011 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 3,5%-ით ჩამორჩება, დეკემბერში კი ვაკანსიების რაოდენობა 4964-მდე შემცირდა. დეკემბერში ნოემბერთან შედარებით კლება 20,2%, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით კი 5%-ია.
PMCG-ის მკვლევარი დასაქმების ბაზარზე ვაკანსიების შემცირებას სეზონურობასთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.
„ის, რომ ოქტომბერი, დეკემბერი, ნოემბრის პერიოდში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა არის კლებადი, ეს არის ბუნებრივი პროცესი და ამ ტენდენციას ჩვენ ვხვდებოდით გასული წლების განმავლობაშიც, თუმცა რასაც ახლა ვხვდებით, არის ის, რომ გარდა სეზონურობით გამოწვეული ფაქტორისა, არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომელმაც გამოიწვია არათუ ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერში კლება, არამედ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლებაც. ეს უკვე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის შედეგად გამოწვეული გაურკვევლობის შედეგია, რომლის გამოც უკვე ბიზნესები ერიდებიან ახალი კადრების აყვანას და შესაბამისად ნაკლებია გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობაც“,- აცხადებს გოჩა ქარდავა.
ვაკანსიების კლებაა ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ კიდევ ერთ დასაქმების სააგენტოში. Hr.ge-ს წარმომადგენელი BM.GE-სთან ამბობს, რომ განსაკუთრებული კლება ჰორეკა სექტორშია, სადაც ბოლო 3 თვეში ვაკანსიები 17%-ით შემცირდა.
„ 2024 წელს დავდეთ დაახლოებით 3 400-მდე განცხადება. დეკემბერში წინა წელთან შედარებით 2%-იანი კლება გვაქვს, თუმცა მთლიანი წელი რომ შევაჯამოთ, 2024 წელს ჯამში გვქონდა 5%-იანი კლება 2023 წელთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის პირველი ორი კვარტალი იყო აქტიური, გვქონდა მცირედი მატებაც კი, მაგრამ ბოლო ერთ კვარტალში [ვგულისხმობ ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერში] კლებამ მოგვცა ის სურათი, რომ ჯამში 5%-იანი კლებით დავასრულეთ წელი.
პასიურად დაიწყო იანვრის თვეც. 14 იანვრამდე ზოგადად არის პასიურობა ხოლმე, თუმცა წელს ცოტა გაგრძელდა ეს პერიოდი. დღის მანძილზე თავსდება 200-250 ვაკანსია, როცა წინა პერიოდში დაახლოებით 300-350 თავსდებოდა ხოლმე, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ გვექნება მცირედი მატება უახლოეს პერიოდში.
ვაკანსიების შემცირება თითქმის ყველა სექტორს შეეხო, თუმცა გაყიდვები არის მოწინავე პოზიციაზე. რაც შეეხება ჰორეკა სექტორს, აქ პასიურობა გვაქვს და კლება გვაქვს საკმაოდ დიდი. ბოლო 3 თვეში 17%-ით დაიკლო ამ სექტორის ვაკანსიებმა“,-აცხადებს ინგა შახბაზიანი.