უმაღლესი განათლების ექსპერტ ლიკა ღლონტის თქმით, ბოლო წლებში ქვეყანაში სტუდენტების რაოდენობა მცირდება, რაც დასაფიქრებელია. როგორც ექსპერტმა BM.GE-სთან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, საჭიროა ამ ტენდენციის მიზეზების გაანალიზება.
ექსპერტი ამ კონტექსტში ემიგრაციის საკითხს გამოყოფს და აღნიშნავს, რომ სტუდენტების ნაწილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებს აბარებს, საბოლოოდ საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად.
"ზოგადად, 2, 3 ათასით მცირდება ბოლო სამი წლის განმავლობაში სტუდენტების ჯამური რაოდენობა და ეს ძალიან დასაფიქრებელი ტენდენციაა. დემოგრაფიაც უნდა გავითვალისწინოთ, ასევე ძალიან სერიოზული მიგრაციული პროცესები, როდესაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტოვებს საქართველოს. ყველაზე რთული მოსაპოვებელი სტატისტიკა არის, რამდენი ქართველი ახალგაზრდა დამოუკიდებლად მიდის და საზღვარგარეთ იწყებს სწავლას, ანუ ოჯახები რამდენს აფინანსებენ. ჩემს ირგვლივ, მაგალითად, უამრავი სტუდენტი იყო, ვინც აქაც ჩააბარა გამოცდები და საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. ჩარიცხულების რეალური რაოდენობა ცოტათი კიდევ შემცირდება იმის ხარჯზე, რომ რეალურად ბევრი საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. ეს ალბათ არ იქნება დრამატულად დიდი ციფრი, მაგრამ შეიძლება 1 000-მდე ადგილი კიდევ მოაკლდეს. მათ თავი დაიზღვიეს, აქაც ჩააბარეს და საზღვარგარეთაც დაიწყეს სწავლა. მიდიან საზღვარგარეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ უკეთესი განათლების ხარისხი მიიღონ, არამედ ზოგადად, ლეგალური ემიგრაციის ერთ-ერთი საფუძველია და ეს ძალიან სერიოზული ფაქტორი იქნება მერე ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის", - ამბობს ექსპერტი.
2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე 29 481 აბიტურიენტი ისწავლის. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.




























