მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო თვეების განმავლობაში სასტუმროს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა - PMC

62fb7cad61a32
მარიამ ვარადაშვილი
17.08.22 10:00
621
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში საერთაშორისო ტურისტების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის ივლისთან შედარებით 80.6%-ით აღდგა და 459 711 შეადგინა.

ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩეოდნენ რუსეთი (156 737 ვიზიტით), სომხეთი (103 906 ვიზიტით) და თურქეთი (95 989 ვიზიტით).

საქართველოს მსხვილ ტურისტულ ბაზრებს შორის, ბელარუსიდან (65.6%), ყაზახეთიდან (46.7%) და საუდის არაბეთიდან (21.7%) საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამასთან, საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა რუსეთიდან (-1.5%) 2019 წლის ამ პერიოდის ნიშნულს თითქმის დაუბრუნდა.

ორგანიზაციის ცნობითვე, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან დაახლოებით 45 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. უკრაინისთვის აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 4 ათასს გაუტოლდა, ხოლო ბელარუსისთვის - 3 ათასს.

“ბოლო თვეების განმავლობაში სასტუმროს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განპირობებულია ისეთი ფაქტორების ერთობლიობით, როგორიცაა საერთაშორისო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსი, ბელaრუსი და უკრაინელი მოგზაურების მასობრივი შემოსვლა, შიდა ვიზიტორების მიერ საქართველოს ტურისტულ ადგილებზე გაზრდილი მოთხოვნა, სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის ფასების ზრდა და საბაზო ეფექტი 2022 წლის თებერვალსა და მარტში”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) ყველაზე მაღალი იყო თებერვალში (17.7%), რასაც მოჰყვებოდა მარტი (14.9%) და ივლისი (13%). 3,4,5-ვარსკვლავიან სასტუმროებთან შედარებით, სფი ზოგადად უფრო მაღალი საოჯახო სასტუმროებისთვის იყო.

მათივე ინფორმაციით, პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, ინდექსი უარყოფითი იანვარში იყო, ხოლო ამის შემდეგ, თებერვლიდან ივლისამდე დადებით მაჩვენებელზე ნარჩუნდებოდა. გასული წლის განმავლობაში სასტუმროების საშუალო ფასები სტაბილურად იზრდებოდა ყველა ტიპის სასტუმროსთვის. უნდა აღინიშნოს, რომ საშუალო ფასების ზრდა ყველაზე მაღალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის აღმოჩნდა.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი ივლისში, ივნისთან შედარებით, 13.3%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები