სოციალური საწარმო „კაფე მზიური“ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებულ წერილს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მიღებულია გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით.
თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება საბაზრო საიჯარო ღირებულების დასადგენად შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი.
როგორც "კაფე მზიურში" აცხადებენ, აუქციონის პირობების გასაჯაროებას დაელოდებიან და ბოლომდე იბრძოლებენ კაფეს გადასარჩენად.
"მივიღეთ წერილი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, სადაც გვატყობინებს ჩვენს კაფესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აუქციონის შესახებ. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი მიმართვისა, თბილისის მერიამ უპასუხოდ დატოვა ყველა ჩვენი კითხვა. ომბუდსმენის აპარატი აღმოჩნდა ერთადერთი საჯარო უწყება, რომელმაც გვამცნო მერიის გადაწყვეტილების შესახებ.
ჩვენ დაველოდებით აუქციონის პირობების გასაჯაროებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საკონკურსო პირობები იქნება გამჭვირვალე, თანაბარი და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ასევე გათვალისწინებული იქნება ყველა ის ბარიერი რაც შშმ პირებს სხვებთან თანაბარ პირობებში გახდის კონკურენტუნარიანს. როგორც იცით, კაფე "მზიური" წარმოადგენს სოციალურ საწარმოს (რაც გულისხმობს ფინანსური მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ მიზნებში) და გახსნის დღიდან დასახული მიზნების ერთგულია. ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ სივრცეში არსებულმა კაფემ გააგრძელოს იგივე კონცეფციით მუშაობა. გაითვალისწინოს ჩვენი საზოგადოების სოციალური პრობლემები და გარემოსდაცვითი საკითხები. გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი კაფე არ გადაიქცევა მდიდარი ბიზნესმენის მორიგ ობიექტად და წყალში არ ჩაგვიყრის მრავალი წლის მანძილზე ერთობლივი შრომით მიღებულ შედეგს.
გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ მზიურის კაფეს გადასარჩენად. "მზიური" უნდა დარჩეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდამჭერ სივრცედ, როგორც თანასწორობის, ინკლუზიის მაგალითი და სხვა არაერთი სასარგებლო ინიციატივის ავტორი. ეს პატარა კაფე არ არის მხოლოდ შენობა და ერთი საკადასტრო კოდი - ის ვართ ჩვენ!",- წერია „კაფე მზიურის“ პოსტში.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიამ, 8-წლიანი მუშაობის შემდეგ, „კაფე მზიურს“ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა და იჯარით განკარგვისთვის, მის აუქციონზე გატანას გეგმავს.