ესპანეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა სასტუმროების ჯავშნების ონლაინ პლატფორმა Booking.com-ი $448 მილიონით დააჯარიმა - მიზეზი ბაზარზე დომინანტური პოზიციაა, რომელიც კომპანიას 2019 წლიდან უჭირავს.
მარეგულირებელმა CNMC-იმ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ Booking Holdings-ის ესპანურ განაყოფს ორი 206.6 მილიონი ევროს ღირებულების ჯარიმა დაეკისრა, რადგან იგი ბოროტად იყენებს ბაზარზე თავის 70-90%-იან წილს, არასამართლიან პირობებში აყენებს სასტუმროებს და სხვა მსგავსი ტიპის პლატფორმებს კონკურენციას უზღუდავს.
Booking-ის წინააღმდეგ სარჩელი ესპანეთის სასტუმროთა მენეჯერების ასოციაციამ და მადრიდის სასტუმრო ბიზნესის ასოციაციამ ჯერ კიდევ 2021 წელს შეიტანეს.
CNMC-ის განმარტებით, Booking-ი სასტუმროებს საშუალებას არ აძლევთ, საკუთარ ვებგვერდზე დამსვენებლებს იმაზე იაფი სერვისი შესთავაზონ, ვიდრე Booking.com-ზეა განთავსებული. თავის მხრივ კი Booking-ი სასტუმრო ნომრებზე ფასდაკლებებს თავად სასტუმროს მენეჯმენტთან შეთანხმების გარეშე აწესებდა.
ამასთან, ბაზრის მაღალი წილის შენარჩუნებისთვის, Booking-ი სხვადასხვა უპირატესობას იმ სასტუმროებს სთავაზობს, რომლებიც უფრო დიდ მოსაკრებელს იხდიან, რის გამოც აღნიშნული სასტუმროები ალტერნატიულ პროვაიდერებთან აღარ თანამშრომლობენ.
თავად Booking-ს საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.