მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორის ჯონსონი გადადგა

62c69d712b982
გიორგი თოლორდავა
07.07.22 15:48
1997
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ჯონსონი პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე შეინარჩუნებს.

ჯონსონის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია დიდ ბრიტანეთში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისთან. შეგახსენებთ, რომ გასული 48 საათის განმავლობაში თანამდებობიდან ათობით მაღალჩინოსანი, მათ შორის, მინისტრი, კაბინეტის წარმომადგენელი და კონსერვატიული პარტიის წევრიც გადადგა.

პროტესტის ნიშნად თანამდებობა უკვე დატოვა თორმეტმა მინისტრმა და კაბინეტის ორმა წარმომადგენელმა, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ხაზინის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და საბინაო-საზოგადოებრივი საკითხების მინისტრი.

გადამდგარი ოფიციალური პირები პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი და, ზოგადად, ბრიტანეთის მთავრობა კრიტიკის საგანი 2020 წელს მომხდარი ე.წ. ფართიგეითის სკანდალის შემდეგ გახდა. კოვიდპანდემიისა და უმკაცრესი რეგულაციების პირობებში, მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენიმე წვეულება გამართეს, სამს კი პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.

საგულისხმოა, რომ მთავრობის მიერ წვეულებების ჩატარების პერიოდში გაერთიანებულ სამეფოში ლოკდაუნი იყო დაწესებული, სრულად იყო აკრძალული ხალხმრავალი შეკრებები და წვეულებები, ღია სივრცეში კი მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა იყო ნებადართული.

კრიტიკოსების შეფასებით, წვეულების გამართვით მთავრობის წევრებმა უხეშად დაარღვიეს რეგულაციები და ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც კანონებს ასე დაუდევრად არღვევს, ქვეყნის მართვის ღირსი არ არის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასულ თვეს ბორის ჯონსონი პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების რისკის წინაშეც აღმოჩნდა, რომლის დაძლევაც მაშინ მან შეძლო.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები