მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომის, ბაკურიანის და ლიკანის მფლობელმა "ბორჯომი ჰოლდინგმა" შემოსავალი გაზარდა

ბორჯომი

საერთაშორისო ჰოლდინგმა Rissa Investments Limited-მა, რომელიც „ბორჯომის“ ბრენდს ფლობს, 2024 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. არაუდიტირებული მონაცემებით, კომპანიის შემოსავალმა 274.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.3 მილიონი დოლარით მეტია.

ჯგუფი საქართველოში აწარმოებს ბორჯომის, ლიკანის, ბაკურიანის ბრენდებს, რუსეთში სვიატოი ისტოჩნიკის, უკრაინაში მორშინსკის მტკნარ წყლებს.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ რუსეთი კვლავაც კომპანიის უმსხვილესი ბაზარია, სადაც გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 195.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის 166.5 მილიონ დოლართან შედარებით ზრდას წარმოადგენს და 28.95%-ით მეტი შეადგენს. ყაზახეთი მეორე ადგილზეა, სადაც გაყიდვები 18.9 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 3.7 მილიონი დოლარით ან 24.5%-ით გაზრდილია. საქართველოს ბაზარი ჯგუფისთვის შემოსავლების მიხედვით კვლავაც მესამე ადგილზეა, საიდანაც 2024 წლის პირველ ნახევარში ბორჯომი ჰოლდინგის შემოსავალი 17.1 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც 1.3 მილიონი დოლარით ან 8.2%-ით უფრო მეტია, ვიდრე 2023 წლის ამავე პერიოდში.

  • რუსეთი – 195.5 მილიონი დოლარი (ზრდა 28.95%)
  • ყაზახეთი – 18.9 მილიონი დოლარი (ზრდა 24.5%)
  • საქართველო – 17.1 მილიონი დოლარი (ზრდა 8.2%)
  • ბელარუსი – 11.4 მილიონი დოლარი (ზრდა 10.6%)
  • უკრაინა – 8.6 მილიონი დოლარი (ზრდა 38.3%)
  • უზბეკეთი – 6.2 მილიონი დოლარი (ზრდა 11%)
  • ბალტიის ქვეყნები (ლატვია, ესტონეთი, ლიტვა) – 6.2 მილიონი დოლარი (ზრდა 14.9%)
  • აზერბაიჯანი – 1 მილიონი დოლარი (ზრდა -3.9%)
  • სხვა ქვეყნები – 9.4 მილიონი დოლარი (ზრდა 59.3%)

კომპანიის მთლიანი მოგება (სხვაობა შემოსავალსა და წარმოების ხარჯებს შორის) 149.9 მილიონი დოლარი იყო, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22 მილიონი დოლარით მეტია. ადმინისტრაციული და კომერციული ხარჯები შემცირდა და 78.7 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 88.9 მილიონი დოლარი იყო.

წმინდა მოგებამ კი 49 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 37.1 მილიონ დოლართან შედარებით 12 მილიონით მეტია.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჯგუფის საკონტროლო პაკეტის მფლობელები სანქცირებული ოლიგარქების - მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის "ალფა ჯგუფი" იყო, აღნიშნულის გამო, სანქციები გავრცელდა თავად Rissa Investments Limited-ზეც, რის გამოც საქართველოში კომპანიის საქმიანობა შეფერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბრენდის გადარჩენის მიზნით უსასყიდლოდ შეესყიდა ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი. ამასთან, ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დაინიშნა.

შედეგად, ჯგუფის აქციათა წილები ასე გადანაწილდა:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი - “ალფა ჯგუფი”) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი - 3.79%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები