მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის ბაზრობაზე" დაზარალებულებს ₾300 000-ზე მეტი ღირებულების საქონელი ჩამოეწერათ - შემოსავლების სამსახური

ხანძარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები უკვე ჩამოეწერათ.

როგორც უწყება აცხადებს, ჩამოწერა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დაზარალებულ მეწარმეებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ განაცხადით მიმართონ უწყებას გადამხდელის ავტორიზებული გვერდის მეშვეობით. ხანძრის შედეგად განადგურებული ან დაკარგული ფასეულობების ჩამოწერა შესაძლებელია მომსახურების საფასურის გარეშე, 10 სამუშაო დღის ვადაში.

უწყების ცნობით, ჩამოწერის შემდეგ მეწარმეებს აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოექმნებათ.

ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი 29 აპრილს გამთენიისას გაჩნდა.

ცნობისთვის, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, ქვეკონტრაქტორი კომპანია “ბაქანის” დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელია თორნიკე წერეთელი. კომპანიის აქციონერები ასევე არიან ხათუნა გიგოლაშვილი და სიმონი გველესიანი.

ბოლო ცნობებით, დაზარალებულია 341 მოვაჭრე. დამწვარი "ბორჯომის ბაზრობის" მოვაჭრეებს მერია 2 000-დან 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის, ბაზრობის აღდგენა კი დაახლოებით 6 თვეში იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები