მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის" მფლობელმა ჰოლდინგმა შემოსავალი გაზარდა - ანგარიში

ბორჯომი

ბორჯომის ჰოლდინგის მფლობელმა კომპანიამ 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯგუფმა შემოსავალი 47 მილიონი დოლარით, 301 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 22.6 მილიონი ლარიდან 37.2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

Borjomi-ის მინერალური წყალი საერთაშორისო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომლის საბოლოო მაკონტროლებელიც კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Rissa Investments Limited-ია. ჯგუფი აწარმოებს ბორჯომის, ლიკანის, ბაკურიანის, სვიატოი ისტოჩნიკისა და მორშინსკის მტკნარ და მინერალურ წყლებს.

რუსული ფინანსური მარეგულირებლისთვის Borjomi Finance-ის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 156 მილიონი ბოთლი ბორჯომი, 446 მილიონი ბოთლი სვიატოი ისტოჩნიკი (რომელიც რუსეთის #1 მტკნარი წყალია) და 274 მილიონი ბოთლი სხვა მტკნარი და მინერალური წყლები.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჯგუფის საკონტროლო პაკეტის მფლობელები სანქცირებული ოლიგარქების - მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის "ალფა ჯგუფი" იყო, აღნიშნულის გამო, სანქციები გავრცელდა თავად Rissa Investments Limited-ზეც, რის გამოც საქართველოში კომპანიის საქმიანობა შეფერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბრენდის გადარჩენის მიზნით უსასყიდლოდ შეესყიდა ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი. ამასთან, ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დაინიშნა.

შედეგად, ჯგუფის აქციათა წილები ასე გადანაწილდა:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი - “ალფა ჯგუფი”) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

საქართველოს მიერ კომპანიის სააქციო შემადგენლობაში მონაწილეობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბორჯომის წმინდა მოგებიდან დივიდენდების მიღება, თუმცა უცნობია როდის მოხდება აღნიშნული დივიდენდების განაწილება.

2023 წლის პირველ ნახევარში ჯგუფის შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: რუსეთი - 166 მილიონი დოლარი; უკრაინა - 75 მილიონი დოლარი; საქართველო - 16 მილიონი დოლარი; ყაზახეთი - 15 მილიონი დოლარი; ბელარუსი - 10 მილიონი დოლარი; უზბეკეთი - 5.5 მილიონი დოლარი; ბალტიის ქვეყნები - 5.3 მილიონი დოლარი; აზერბაიჯანი - 1 მილიონი დოლარი, სხვა ქვეყნები - 6 მილიონი დოლარი.

ბორჯომის ჰოლდინგის მთლიანი აქტივები 497 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები