მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომმა წარმოების პროცესი მცირე დატვირთვით განაახლა“ - ქარხნის დირექტორი

6295dcfa279f7
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.22 13:10
1573
„ჩვენს ხელთ არსებული მცირედი რესურსით, მინიმალური დატვირთვით დავიწყეთ წარმოების პროცესი“ - ამის შესახებ ბორჯომის ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორმა მერაბ ახმეტელმა bm.ge-ს მას შემდეგ განუცხადა, რაც კომპანიას ქარხნის დასაქმებულების გაფიცვის შესახებ კითხვებით მივმართეთ.

მერაბ ახმეტელი აცხადებს, რომ წარმოების მცირე მოცულობებით აღდგენის მიზანი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან - საქართველოს ბაზარზე პროდუქციით მომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფაა. კომპანიის ინფორმაციით, პირველ და მეორე ქახანაში ამ ეტაპისთვის მცირე დატვირთვის პირობებში 200-მდე ადამიანი მუშაობს, ხოლო ნაწილი სახლებშია.  

„გაფიცვაში მონაწილეობს ჩვენი თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი, ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში ამჟამად დასაქმებულია 630 ადამიანი.

მოგეხსენებათ, დღეს კომპანია არის ურთულეს ვითარებაში, გაყინულია ანგარიშები, შეჩერებულია წარმოება და ექსპორტის 80%-ზე მეტი. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენაა. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან - საქართველოს ბაზარზე არ გვქონდეს წყვეტა, ჩვენს ხელთ არსებული მცირედი რესურსით და მინიმალური დატვირთვით დავიწყეთ წარმოების პროცესი. გვინდა მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ თანამშრომლების იმ ნაწილს, ვინც მზადაა განახლებულ მენეჯმენტთან ერთად იბრძოლოს ამ კომპანიის გადასარჩენად“, - აცხადებს ქარხნის დირექტორი.

მერაბ ახმეტელი გაფიცულთა მოთხოვნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ხელფასების 25%-იანი ზრდა ამ ვითარებაში არარეალურია.

„IDS ბორჯომი საქართველო რჩება ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებელად, ჩვენ ამ ურთულეს პირობებშიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 95%-ი შევინარჩუნეთ, ასევე, უცვლელი დავტოვეთ სახელფასო განაკვეთი. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ - ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის.

აღნიშნულ ვითარებაში კი, არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი, არარეალური მოთხოვნა და მიზანმიმართული მცდელობაა, რომ დაზიანდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოების პროცესი და დასაქმებული ადამიანები“, - აცხადებს ბორჯომის ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი მერაბ ახმეტელი.

შეგახსენებთ, რომ აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ბორჯომის ქარხნის მიმდებარედ დღეს, 6:00 საათიდან კომპანიის 400-მდე დასაქმებულის გაფიცვა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები