მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომში“ დასაქმებულები კომპანიის გენდირექტორთან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

6272432d57ddb
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.22 13:20
1177
ამ წუთებში „ბორჯომის“ ქარხანასთან კომპანიის თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კომპანიის მიერ ახალი ხელშეკრულების პირობების შეთავაზების გამო შექმნილი გაუგებარი ვითარების გარკვევისა და მათთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიის მიღების მიზნით, გენერალურ დირექტორ - ივანე მაჭავარიანთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

საქმე ის არის, რომ „აი დი ეს ბორჯომის“ მიერ ქარხნების გაჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, კომპანიამ დასაქმებულების თანამშრომლობის ახალი პირობები შესთავაზა, რომელის მიხედვით, ხელშეკრულების პირობები იცვლება, მათ შორის ქარხნის იძულებით გაჩერების პირობებში, დასაქმებულები გაჩერების პერიოდში ანაზღაურების 50%-ს აიღებენ, ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 100%-ისა. „ბორჯომის“ თანამშრომლები შეთავაზებას არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით თანხმდებიან, თუმცა სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიას და ხელშეკრულების ვადის განსაზღვრას 3 თვით ითხოვენ. პროფკავშირების ცნობით, „აი დი ეს ბორჯომმა“ დასაქმებულებს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის ვადად 3 მაისი დაუწესა, რომელიც ამოიწურა. დასაქმებულები კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ, გუშინ კი „ბორჯომის“ პირველ ქარხანასთან აქცია დაანონსეს.

„ჩვენ კომპანიის მდგომარეობაში შევდივართ და გენდირექტორთან ვანო მაჭავარიანთან შეხვედრას ვითხოვთ. როგორც ჩვენ შევდივართ კომპანიის მდგომარეობაში, ვითხოვთ, რომ ისინიც შემოვიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და ახალი ხელშეკრულება 3 თვის ვადით გავაფორმოთ, რადგან ომი შეიძლება ხვალ მორჩეს ან 1 წლის შემდეგ ეს ჩვენ არ ვიცით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ქარხანაში დასაქმებულმა და დასძინა, რომ აქციები იმის მიხედვით გაგრძელდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

შეგახსენებთ, რომ „აიდიეს ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა, რის შესახებაც საჯარო უწყებებს ეცნობათ. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდება, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდათ. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა

პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ დღეს კომპანია „ბორჯომის“ დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა გენდირექტორ ივანე მაჭავარიანთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაა.

„პრემიერის მიერ დაანონსებული „სასიამოვნო სიახლის“ გამო დასაქმებულები გაურკვევლობაში არიან - როგორ განვითარდება მოვლენები და მათ თავს სასიამოვნო არაფერი ხდება. ვითხოვთ, ჩააყენონ საქმის კურსში, რადგან ამ ადამიანების და მათი ოჯახების მომავალი ბუნდოვანია“
, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ “TV-პირველთან” საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები