ბორჯომში ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას მაგალითად ფრილანსერებისთვის, IT-სპეციალისტებისთვის - ამის შესახებ ბორჯომის გენგეგმის ავტორი კომპანია "სითი ინსტიტუტის" დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბორჯომის გენგეგმის რევიზირებული პროექტი სივრცითი და ქალაქთმშენებლობის განვითარების სააგენტოში გუშინ ჩააბარეს და ის დამტკიცებული სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნება.
„ახლა დაველოდებით სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. ეს პროცედურა ალბათ ერთ თვეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მას ბორჯომის ახალი საკრებულო დაამტკიცებს. შესაბამისად, ბორჯომს წლის ბოლოს ექნება უკვე გენგეგმა და განაშენიანების გეგმა“, - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ბორჯომის გენგეგმის პროექტში ხუთი ძირითადი მიზანია გაწერილი, მათ შორის დივერსიფიცირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა.
„გენგეგმის თანახმად ერთ-ერთ მიზანს საკურორტო ზონების ოპტიმიზაცია წარმოადგენს. მეორე არის იერსახის გაუმჯობესება, რათა მისი იდენტობა გაძლიერდეს, ლანდშაფტი შენარჩუნდეს და ამფითეატრული განვითარება დაიწყოს. კიდევ ერთი მიზანია დივერსიფიცირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა, რათა უფრო მეტი ახალი სექტორი გაჩნდეს, ჯანსაღი გარემო და ინფრასტრუქტურა შეიქმნას მაგალითად ფრილანსერებისთვის, IT-სპეციალისტებისთვის. მათი საკმაოდ დიდი კონცენტრაციაა ბათუმში, თბილისში, ამიტომაც სადისკუსიო სივრცეები რომ იყოს ბორჯომშიც, იქნება მნიშვნელოვანი. ადამიანებს, რომლებსაც მშვიდ და კომფორტულ გარემოში უნდათ მუშაობა და თავისუფალ რეჟიმში მუშაობენ, ბორჯომი მათთვის მისაღები იქნება.
ასევე სავაჭრო და კვების სტანდარტიზებული ობიექტების არსებობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კომფორტი შეიქმნას. კიდევ არის საქალაქო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციების მიმართულებაზე, რათა მაგალითად, ქვეითებისთვის სანაპირო ზოლები მოეწყოს და რეკრეაციულად დაიტვირთოს.
და მეხუთე მიზანი უსაფრთხოების და მედეგობის გაზრდა. ეს ყველაფერი გენგეგმაში გვაქვს გადატანილი“, - განმარტა მამუკა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, "სითი ინსტიტუტი" ქალაქ ბორჯომის გენერალურ და განაშენიანების გეგმაზე 2024 წლის დასაწყისიდან მუშაობს.




























