მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბორჯომში ტყის ხანძარს ებრძვიან - სამუშაოებში 250-მდე მეხანძრეა ჩართული

63025dbe49cd0
თამთა ჯიჯავაძე
21.08.22 20:28
781
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გაძლიერებული ძალებით ხორციელდება. ცეცხლის ჩაქრობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ცდილობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.

ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.

უწყება დილიდან იტყობინებოდა, რომ რთული კლდოვანი რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც. ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობის პროცესში თბილისიდან დამატებითი ჯგუფების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ქარის ჩადგომისთანავე ხანძრის ქრობის სამუშოებს განაახლებენ. მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა 250-მდეა გაზრდილი. ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები