მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია “იმერი” ექსპორტზე დუბაიში გავიდა

იმერი

ბაღჩეულისა და ბოსტნეულის კომპანია “იმერი”, რომელიც სამი წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, ექსპორტზე დუბაიში გავიდა. 

როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა ნიკოლოზ კიკნაძემ ისაუბრა, კომპანია  მიზნად ისახავს "გალფის ქვეყნებში" შესვლას და გაფართოებას.

“მიმდინარე წელს დუბაისთან ვაწარმოვეთ მოლაპარაკებები და ჩვენი პროდუქცია 18 მაღაზიაში შევიტანეთ, ახლა ვეძებთ ახალ დილერს, ჩვენთვის, ექსპორტის კუთხით პრიორიტეტულია გალფის ქვეყნები, სწორედ ამიტომ, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. თუ “იმერი” ექსპორტზე სტაბილურად დაიწყებს გასვლას, წარმადობის 10-20% ექსპორტზე გავა”, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

სიახლეებზე საუბრისას, ნიკოლოზ კიკნაძე აღნიშნავს, რომ არსებულ ბაზარზე კომპანია სხვადასხვა მაღაზიის ქსელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამასთან, “იმერი” მომავალ თვემდე ახალ დანადგარებს ჩამოიტანს და მომხმარებელს დაფასოებულ ხილსაც შესთავაზებს.

“ჩვენი კომპანია 5-ზე მეტ ქსელურ ობიექტს ამარაგებს პროდუქციით, ახლახან დავდეთ ხელშეკრულება "სპართან", სადაც აქტიურად დავიწყებთ პროდუქციის შეტანას, მოლაპარაკებები მიმდინარეობს “კარფურთანაც”, ამასთან, მიმდინარეობს ხილის ბრენდინგი, საჭირო დანადგარები მომდევნო თვემდე ჩამოვა და მიმდინარე წელს აქტიურად ვიმუშავებთ ხილის დამატებაზეც”, - დასძინა მან.

ამასთან, დამფუძნებელი არსებულ ბაზარზე მოთხოვნასა და კონკურენციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ბაზარზე კი ახალი კომპანიები ჩნდებიან მსგავსი კონცერტით.

“ცნობადობა და წარმადობა ყოველწლიურად იზრდება, ამ ეტაპზე, ჩვენს რესურსს ბოლომდე ვიყენებთ და ბაზარს ვერ ვაჯერებთ, ვინაიდან მოთხოვნა ძალიან დიდია, რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენს კონკურენტებს. რაც უფრო მეტი კონკურენტი იქნება ბაზარზე, მით უფრო მეტი მომხმარებელი გაუჩნდება პროდუქტს და ამაღლდება ცნობადობა, რაც მოგებიანი იქნება ყველასთვის”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: “იმერი” ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს, კომპანია საჭირო ნედლეულს ნატახტარში, 10ჰა-ზე გაშენებული ფერმიდან და ადგილობრივი გლეხებისგან იღებს, კომპანიის საწარმოში 70-მდე ადამიანია დასაქმებული. მომხმარებელს პროდუქციის შეძენა მარაზიათა ქსელ "აგროჰაბში", "მაგნიტში“, "გუდვილში”, “ფრესკოში”, “ლიბრეში”, “ნიკორაში”, “ევროპროდუქტსა” და “ზღაპარში” შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები