ბათუმის მერია ბოტანიკურ ბაღთან არსებულ ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანასთან ერთად პლანეტარიუმის მშენებლობასაც განიხილავს. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.
“ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ჩაქვს მხრიდან 16 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია გვაქვს, სადაც ვფიქრობთ რომ პლანეტარიუმის მშენებლობა დაიგეგმოს, რომელიც არ აქვს ჩვენს ქალაქს”, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა,
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განიხილება ასევე იპოდრომის, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის და ზოოპარკის მშენებლობაც, რომელზეც საუბარი ჯერ კიდევ დაახლოებით ექვსი წლის წინ დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე ვერ განხორციელდა.
“ისევე როგორც სხვა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტზეც, რომელზეც ტენდერი Design-Build-ის მეთოდით გამოვაცხადეთ, კონკრეტული კომპანიის მიერ გეგმის წარმოდგენა ჩავარდა, შემდეგ იქ რელიეფური სირთულეები აღმოჩნდა. როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალური მთავრობის დონეზე ჩვენ ყველა სამსახური გვყავს ჩართული, რათა ამ პროექტის ეკონომიკური კვლევა დავიწყოთ. ჩვენ გვყავს დამეგობრებული ქალაქი როსტოკი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზოოპარკი აქვს ევროპაში. მიმდინარე წლის ბათუმობაზე ვიზიტისას, ამ ქალაქის მერის მოადგილისგან მივიღეთ დაპირება, რომ GIZ-სთან თანამშრომლობით გამოიყოფა კონკრეტული სპეციალისტი, რომელიც ზოოპარკის, ასევე მიუსაფარი ცხოველთა თავშესაფრის და იპოდრომის მშენებლობის ნაწილში დაგვეხმარება. იქ კიდევ სხვა სივრცეებიც იქნება დაგეგმილი. ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ჩაქვს მხრიდან 16 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია გვაქვს, სადაც ვფიქრობთ რომ პლანეტარიუმის მშენებლობაც დაიგეგმოს, რომელიც არ აქვს ჩვენს ქალაქს, მასშტაბურ ოთხკომპონენტიან პროექტს საქართველოს მთავრობის რიგ სამინისტროებთან ერთად, ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გავდივართ და ბუნებრივია, უახლოეს პერიოდში იქნება მონახაზი. ამ საბიუჯეტო ცვლილებების დროს ვერ მოხდა კონკრეტულად ჩამოყალიბება, ვინაიდან ველოდებით საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტს, ვინაიდან ზოოპარკის და სხვა ობიექტების დაგეგმა საჭიროებს კვალიფიციურ პროექტს”, - განაცხადა ბათუმის მერმა.
მისივე თქმით, ზოოპარკის ბათუმის ცენტრალური პარკიდან გადატანა, პარკში გამოათავისუფლებს 2 ჰექტრამდე ტერიტორიას, სადაც გაიზრდება სარეკრეაციო სივრცე. “ეს ტერიტორია ვფიქრობთ, როგორც რეკრეაციისთვის, ასევე განათლების მიმართულებით გამოვიყენოთ, მათ შორის ან ახალი საბავშვო ბაღის, ან დაწყებითი სკოლის მშენებლობისთვის”, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
აღსანიშნია, რომ ზოოპარკის გადატანა ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბოტანიკურ ბაღთან, 2018 წელს დაანონსდა და ამ საკითხს მხარი ბათუმის საკრებულომ დაუჭირა კიდეც. თუმცა, ამას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, ვინაიდან ისინი აცხადებდნენ, რომ საკითხით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული. მაშინდელი მათი განცხადებით, ეჭვი მაშინ გაუმყარდათ, როდესაც გადაწყდა, რომ ზოოპარკის გადატანისა და მშენებლობის ხარჯებს მთლიანად ფონდი „ქართუ” გაიღებდა. 2020 წელს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენება იგეგმებოდა, რაც მაშინ ბათუმის მერიაში უარყვეს.