Financial Times-ის ცნობით, ბრიტანული ენერგეტიკული გიგანტი BP მზის ენერგეტიკულ კომპანია Lightsource-ის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს ქუვეითის სუვერენულ ფონდთან დაკავშირებულ კონსორციუმთან მართავს. როგორც ირკვევა, აქტივის შესაძენად ძალებს მწვანე ენერგეტიკის საინვესტიციო ფირმა Qualitas Energy და ქუვეითის საინვესტიციო ორგანოს ინფრასტრუქტურული შტო Wren House აერთიანებენ. მხარეები გარიგების საბოლოო დეტალებს უკვე ათანხმებენ.
საყურადღებოა, რომ კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი გლობალური სტრატეგიის ნაწილია, რაც ტრადიციულ, ნავთობისა და გაზის სექტორზე ფოკუსირებას და სხვა აქტივების გაყიდვას გულისხმობს. კომპანიის ახალი გენერალური დირექტორის, მეგ ო’ნილის ხელმძღვანელობით ამჟამად BP $20-მილიარდიანი აქტივების გაყიდვის გეგმას ახორციელებს. ამ პროცესის ფარგლებში, გასულ კვირას ენერგეტიკულმა გიგანტმა თავისი ვენჩურული მიმართულების 10-ზე მეტ კომპანიაში მცირე წილების გასხვისების შეთანხმებას ხელი მოაწერა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ეს ცვლილებები დავალიანების შემცირებას, მოგების გაზრდასა და ინვესტიციების ამონაგების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება უშუალოდ Lightsource-ს, კომპანიამ უკვე ჩამოაცილა თავის სტრუქტურას ოფშორული ქარის ენერგეტიკის მიმართულება. ამას გარდა, მან უარი თქვა ამსტერდამში ბიოსაწვავის ქარხნისა და ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში წყალბადის საწარმოების მშენებლობის გეგმებზე. პარალელურად, მიმდინარე თვის დასაწყისში BP-მ ინვესტორები განახლებადი ენერგიის სექტორში $1 მილიარდის ჩამოწერის შესახებაც გააფრთხილა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით სწორედ Lightsource-ს უკავშირდება.




























