მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის, ბრიტანული BP-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ბერნარდ ლუნი, რომელიც კომპანიას 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს, გადადგა. როგორც ირკვევა, ბერნარდ ლუნის გათავისუფლება კომპანიის თანამშრომლებთან მის პირად ურთიერთობებს უკავშირდება, რომელთა შესახებ კომპანიას არასრული ინფორმაცია ჰქონდა.
BP-ის დირექტორის თანამდებობაზე ბერნარდ ლუნის დროებით შემცვლელად კომპანიის ფინანსური დირექტორი, მიურეი ოჩინკლოსი დაინიშნა, მაგრამ ვინ უხელმძღვანელებს კომპანიას გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯერ ცნობილი არ არის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მიურეი ოჩინკლოსი, რადგან BP-ი, როგორც წესი, დირექტორებს კომპანიის შიგნით არჩევს. ამასთან, გასათვალისწინებელია კონტექსტი, რადგან ბრიტანული ნავთობგიგანტი, ამჟამად, დაბალნახშირორჟანგიან საწვავზე გადადის, რაც დროში გაწელილი და საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესია.
ბრიტანული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ბრენდან ლუნის პირადი ურთიერთობების შესახებ ცნობა მათ პირველად 2022 წელს მიიღეს და საკითხი შეისწავლეს, მაგრამ დარღვევები არ აღმოაჩინეს. მოგვიანებით, BP-ის ყოფილი დირექტორის მიმართ ბრალდებები კიდევ ერთხელ გაისმა, ასე რომ ლუნი ვალდებული გახდა, საბჭოსთვის ინფორმაცია სრულად მიეწოდებინა.
ბრენდან ლუნის გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, ლონდონში ბაზირებულმა კომპანიამ აქციონერებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა 10%-ით გაზარდა და $1.5 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა დააანონსა. დღეს, BP-ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე £5.18-ად ივაჭრება, ხოლო კომპანიის საბაზო კაპიტალიზაცია £89 მილიარდს აღემატება.