მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაჭველი: ბიურო გვთხოვს ბენეფიციართა სახელებს, ფოტოებს, ჯანმრთელობის მონაცემებს – არ გადავცემთ

საბა ბრაჭველი

ანტიკორუფციულმა ბიურომ ე.წ. რუსული კანონის აღსრულება დაიწყო. როგორც ღია საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი წერს, სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას ავალდებულებს.

"რუსული კანონების აღსრულება რეჟიმმა ოფიციალურად დაიწყო. გუშინ ივანიშვილის მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას ოფიციალურად მოგვთხოვეს რაჟდენის ბიუროსთვის წარმოუდგენელი ინფორმაციის გადაცემა. მაგალითად, ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა ჩვენი ბენეფიციარი, დაცვის ქვეშ მყოფი ან სულაც შეხვედრებზე დამსწრე ადამიანების სიები, სახელები, გვარები, ფოტოსურათები, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.

რომ გაიაზროთ რას ითხოვენ - მაგალითად, ჩემი ორგანიზაცია 200 დღეზე მეტია უსასყიდლო სამართლებრივ დახმარებას აწვდის რეჟიმის მიერ ნაწამებ, ჩაგრულ, დაჯარიმებულ ადამიანებს. ჩვენი იურისტები იცავენ პოლიტპატიმრების ინტერესებსაც. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ჩაგრული ადამიანის ისტორიის შეგროვებას, დოკუმენტირებას, დამუშავებას, სამართალწარმოებას, მათი სახელებისა და საქმეების ყველგან გაჟღერებას. ანალოგიურად - წლებია, საფარი იცავს, ეხმარება და წარმოადგენს ქალებსა და ბავშვებს. გამჭვირვალობა წლებია, იცავს მამხილებლებს, სასამართლოში მიყვება ათასობით ადამიანს. ეს სია უსასრულოა.

და ახლა ცინიკურად ითხოვენ, რომ ამ ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების ნდობას სრულად ვუღალატოთ, რომ მათი კონფიდენციალური, მათ შორის, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, მათივე მჩაგვრელებს გადავცეთ.

ვერ ეღირსებიან. ჩვენი მოქალაქეების ნდობას არცერთი ბრძანების ძალით ან დასჯის შიშით არ ვუღალატებთ. ვაგრძელებთ ბრძოლას და მუშაობას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად", - წერს საბა ბრაჭველი.

დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "რუსული კანონების" აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. NGO-ებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემაზე მიიღეს მოთხოვნა, რასაც, მათივე თქმით, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

ამერიკული FARA-ს ანალოგი, იგივე უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელსაც მხარი პარლამენტმა III მოსმენით 1 აპრილს დაუჭირა, ძალაში 31 მაისიდან შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები