"დღეს საზოგადოებისთვის მოდის დრო, მივხვდეთ, შეგუება ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ჩვენ რუსეთს ჩავაბარებთ", - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივების დაყადაღებას და განაცხადა, რომ ეს „რეპრესიული რეჟიმის ფორმაა".
„არ შეიძლება ყველას არ გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებამ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიყვანა რუსულ მოდელზე და რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით. ის, რაც დღეს ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების თავს და ის ბრალდებები რაც წაყენებულია, აბსურდია და არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ადრე ვნახეთ რუსეთში. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ საქართველოში უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში.
ვხედავთ არასამთავრობოებზე შეტევას, მეორე მხრივ, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ გადავდივართ დასკვნით პროცესებზე. მძიმე ბრალდებები, სრულიად უსაფუძვლო... არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. თურმე, ამას უნდა შევეგუოთ. დღეს საზოგადოებისთვის მოდის დრო, მივხვდეთ, რომ შეგუება ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ჩვენ რუსეთს ჩავაბარებთ. არ მგონია, რომ საქართველო მზად იყოს იმისთვის, რომ ჩაბარდეს. მე ეს რომ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი. მჯერა, რომ საქართველო არასდროს ჩაბარდება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დღეს, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა. ეს ორგანიზაციები არიან: ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“ , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.




























