ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ალექსანდრ დე მორაეში ილონ მასკის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს, რომლის მიზანია დაადგინოს დაარღვია თუ არა მილიარდერმა ქვეყანაში არსებული რამდენიმე კანონი. თავად ეს ფაქტი, ილონ მასკის მიერ მის სოციალურ ქსელში, X-ში გამოქვეყნებულ რამდენიმე სტატუსს უკავშირდება, რომლებშიც მილიარდერი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაითვალისწინებს და რამდენიმე ცნობილ ბრაზილიელს X-ის ანგარიშებზე წვდომას მაინც აღუდგენს. კონკრეტულად რომელი ანგარიშების აღდგენას გეგმავს ილონ მასკი, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ დაბლოკილ ანგარიშებს შორის, ამ დროისთვის, რამდენიმე მემარჯვენე ბიზნესმენის, პოლიტიკოსსა და ინფლუენსერს ვხვდებით.
ილონ მასკის ამ განცხადებაში თავად მოსამართლე დე მორაეშიც ფიგურირებს, რადგან მილიარდერი მას ბრაზილიის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და მის იმპიჩმენტს ითხოვს. თავად მოსამართლე კი აღნიშნავს, რომ მილიარდერმა “დეზინფორმაციის კამპანია” დაიწყო, ხოლო მისი სოციალური ქსელი, საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, ეკონომიკურ ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. ამასთან, ილონ მასკის სახელი სისხლის სამართლის გამოძიებაშიც ფიგურირებს, რომელიც ე.წ. “ციფრული სახალხო ლაშქრის” საქმიანობას სწავლობს.