უახლესი ბრჭყვიალა ღვინო „ციალი", რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა, მიმდინარე წელს უკვე ექსპორტზე ევროპისა და აზიის ქვეყნებში გავა.
ბრჭყვიალა ღვინო, რომელსაც მეღვინეობა „ფერადი გრადუსი" აწარმოებს, რქაწითელისა და საფერავისგან მზადდება. „ციალი" მისი უახლესი პროდუქტია, რომლის სახელის, სტრუქტურის, გემოვნური თვისებებისა და ბრჭყვიალის ეფექტის ინსპირაცია სწორედ ჩრდილოეთის ციალსა და ამ ნათებას უკავშირდება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, თათა საური BM.GE-სთან აცხადებს, მსხვილ ექსპორტიორებთან მოლაპარაკებები აქტიური ფაზიდან დასკვნით ეტაპზე გადადის. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ღვინისეული სასმელი ევროპისა და აზიის ქვეყნებში უკვე მიმდინარე წელსვე გაიყიდება.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ პირველ ეტაპზე ღვინის 5 000 ბოთლი ჩამოასხა. თუმცა როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო, პროდუქციის მოცულობებისა და ასევე ასორტიმენტის გამრავალფეროვნება იგეგმება. უფრო კონკრეტულად კი, კომპანია ახლა ორი ახალი ფერის ღვინისა და ცქრიალა სასმლის წარმოებაზეც პარალელურად მუშაობს.
„ამ ეტაპზე, ჩვენი ნაწარმი როგორც ონლაინ, ასევე რამდენიმე ღვინის მაღაზიაში იყიდება და მისი ფასი, საშუალოდ 45 ლარს შეადგენს. თუმცა, მიმდინარე წელს, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არეალის გაფართოება იგეგმება და კომპანია მოლაპარაკებებს ბრენდულ ღვინის ბუტიკებსა და ჰორეკა სექტორთან აწარმოებს.
საექსპორტო ბაზრების მხრიდან დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, ექსპორტის განვითარების შემდეგ, წარმოების თითქმის 100%-ით ზრდას ვგეგმავთ. წარმოებული პროდუქციის 60 % ექსპორტზე, ხოლო 40 %-ის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია მოხდება", - აცხადებს საური.
რაც შეეხება ახალი ბრჭყვიალა ღვინის მზადების პროცესს, ღვინო კახეთში, ერთ-ერთ ბრენდულ საწარმოში იწარმოება. კომპანია კი ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.
სამომავლოდ, ექსპორტის განვითარების შემდეგ, საოჯახო მეღვინეობა „ფერადი გრადუსი" საკუთარი საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე ინვესტიციის მოცულობა არ სახელდება.
ინფორმაციისთვის, მეღვინეობა „ფერადი გრადუსი" ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი წარმოება სრულად ფერადი ღვინოების შექმნაზეა ორიენტირებული.