მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება და ემბარგოს პოლიტიკური რისკები - რას ფიქრობს ლეჩხუმელი მეღვინე?

მეღვინეობა მართა

რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება და ემბარგოს პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოყენების რისკი ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის კვლავ აქტუალურია. ამ ფონზე ლეჩხუმელი მეღვინე მართა მუშკუდიანი, რომელიც მეღვინეობის "მართა" BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებმა ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ხარისხისა და წარმოების თანამედროვე სტანდარტების მიმართულებით უნდა იმუშაონ.

„ჩემი აზრით, ევროპის ბაზარი, პირველ რიგში, ხარისხია. იქ ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ევროკავშირი გვთავაზობს ამ სტანდარტს და ჩვენთვის კარგია, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ვცდილობთ, ევროპას დავუკავშირდეთ. საფრანგეთი და იტალია ღვინის ინდუსტრიაში წამყვანი ქვეყნები არიან და მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული მეღვინეობის ტრადიცია და ავთენტურობა ჩვენი კულტურის ნაწილია, თუმცა ამასთან ერთად აუცილებელია, წარმოებაში თანამედროვე სტანდარტებიც დავნერგოთ და საერთაშორისო მოთხოვნებს ვუპასუხოთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს შევუთავსოთ - შევინარჩუნოთ ის, რაც ქართულ ღვინოს განსაკუთრებულს ხდის, და ამავდროულად, წარმოება თანამედროვე მოთხოვნებს მოვარგოთ“, - ამბობს მართა მუშკუდიანი.

რუსეთის ბაზართან დაკავშირებით მეღვინე ყურადღებას ემბარგოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რისკზე ამახვილებს. მისი შეფასებით, რუსეთში არსებული კრიზისული ვითარებაც გავლენას ახდენს ბაზარზე : „რომ პოლიტიკურ იარაღად იყენებს ამ ყველაფერს და, ჩემი აზრით, რასაც ახლა ვისმენ მსოფლიო პოლიტიკის განხილვას, კრიზისიც არის რუსეთში და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ყველაფერს“, - აღნიშნავს მუშკუდიანი.

თავად მეღვინე საერთაშორისო ბაზარზე პირველი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. 28 ნოემბერს ღვინის ნიმუშების საფრანგეთში, საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენას აპირებს, სადაც უცხოელი მომხმარებლისა და დარგის წარმომადგენლების შეფასებების მიღებას იმედოვნებს.

მუშკუდიანის თქმით, მცირე მწარმოებლებისთვის ახალი ბაზრების ათვისება ცოდნას, ხარისხის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობასა და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. შესაბამისად, ევროპულ ბაზარზე დამკვიდრება ეტაპობრივი პროცესია, რომელიც მხოლოდ პროდუქტის წარდგენით არ შემოიფარგლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები