სასტუმროების მმართველი კომპანია "ამირბარის" დამფუძნებელი ქეთი ამირბარი საქართველოში ბრენდული სასტუმროების პოზიციონირებას აფასებს და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებსაც ისინი ქვეყანაში ოპერირებისას აწყდებიანი - ამირბარმა ამის შესახებ BMG-სთან, სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმზე ისაუბრა.
"ამ მიმართულებით გამოწვევა ალბათ იქ არის, რომ მაინც ბრენდი ირჩევს არა რეგიონს, არამედ ქალაქს. და რეგიონში აბსოლუტურად სხვა პრობლემა ხვდება. აქ ბაზარი უფრო არის მზად, რომ მიიღოს ყველა ტიპის სტუმარი და, შესაბამისად, სტუმრის სეგმენტიც ქალაქში სხვადასხვაა, მათ შორის მხარჯველუნარიანი, მაგრამ რეგიონებში ტურისტის დარჩენა და თანხის დახარჯვა ხდება უფრო ნაკლებად.
ლოკალური სასტუმროებისთვის გამოწვევა ძალიან დიდია კონკრეტული რეგიონის მიხედვით. რეალობა არსებობს, სტატისტიკაც არსებობს იმისი, რომ გვყავს სხვადასხვა სეგმენტი, რომელიც ჩამოდის, მაგრამ რეალურად სეგმენტი შეცვლილია და შეხება გვაქვს აბსოლუტურად სხვა რეალობასთან, რასაც პრაქტიკაში უკვე ვხედავთ და ვცდილობთ, რომ ვადაპტირდეთ, რაც საკმაოდ რთულია. პრობლემები და გამოწვევები ბევრია, ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ გადავჭრათ", - ამბობს ქეთი ამირბარი.
კითხვაზე, რა ტიპის სასტუმროებზე უნდა ჰქონდეთ ქართულ ბიზნესებს სწორება და რომელი მათგანი იქნება უფრო მოთხოვნადი, ქეთი ამირბარი განმარტავს, რომ ბრენდულ და ადგილობრივ სასტუმროებს შორის კონკურენცია აბსტრაქტულია.
"კონკურენცია აბსოლუტურად აბსტრაქტული გახდა, იმიტომ რომ ლოკალური სასტუმრო ბრენდულ სასტუმროსთან შედის კონკურენციაში, ასევე შედის სამ და ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროებიც. ლოკალური სასტუმროები უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, რა თქმა უნდა. ლოკალურს, რადგან არ არის ის სტრუქტურირებული, არ აქვს შესაბამისი ბიუჯეტი და არ არის უფრო სტაბილური ფინანსურ ნაწილშიც, უწევს გაუმკლავდეს ამ ყველაფერს და ცოტა ძნელია ხოლმე. ამიტომ ამის დაბალანსება შეყვანა ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს "ამირბარის" მმართველი.
ქეთი ამირბარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული ტურიზმის სეგმენტის ცვლილება გავლენას ახდენს ბრენდული სასტუმროების ოპერირებაზეც.
"გავლენა რეალურად აქვს და ზოგადად, მსოფლიოს ტენდენციებიდან გამომდინარე, ყველა ეძებს ისეთ გამოცდილებას, რომელიც არის უფრო უცხო, ეგზოტიკური და არა სტანდარტული, რასაც მიჩვეულია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
რეალობა ის არის, რომ ბრენდებიც ადაპტირდებიან, ხვდებიან რა ტიპის ქვეყანაა საქართველო და საჭიროა ზუსტად იმ მარგალიტების და იმ გამოცდილების წარმოჩენა, რაც უნიკალურია. შესაბამისად გამოწვევები არსებობს, აქტივობები არის ჩასართავი, მოსაძიებელი, სწორად წარსადგენი და მხოლოდ დარჩენა და ჭამა არ უნდა იყოს აქტუალური", ამბობს ქეთი ამირბარი.




























