დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი კონსერვატიული პარტიიდან მარკ პრიჩარდი აცხადებს, რომ შესაძლოა ირანი საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის იყენებდეს. 3 თებერვალს, თემთა პალატაში გამოსვლისას, მან საქართველოში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიებზე ისაუბრა.
"საბედნიეროდ, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ირანის გავლენა მცირდება, თუმცა ერთი ქვეყანა, სადაც ის, როგორც ჩანს, იზრდება - საქართველოა. იზიარებს თუ არა მინისტრი ჩემს შეშფოთებას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 13 000-მდე ირანული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთაგან 700 ერთი პატარა სოფლის ერთ პატარა შენობაშია რეგისტრირებული? აქ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სანქციების დარღვევისა და მათთვის გვერდის ავლის პოტენციურ ქმედებებს. ეს ფული კვებავს ირანის რეჟიმს და აფინანსებს მის ბოროტ და მავნე საქმიანობას მთელ მსოფლიოში. განიხილავს თუ არა მინისტრი ამ საკითხს საგარეო საქმეთა მდივანთან და შეისწავლის - აფინანსებს თუ არა ირანი საკუთარ რეჟიმს საქართველოს შავ ზღვაზე გასასვლელ „უკანა კარად“ გამოყენებით?“, - განაცხადა პრიჩარდმა.
ცნობისთვის, საქართველოში ირანული კაპიტალის მონაწილეობით 12 864 ბიზნესია რეგისტრირებული, აქედან 2 143 მოქმედია - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა bm.ge-ს გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად მისწერა. უწყების ცნობით, მხოლოდ 2025 წელს საქართველოში 250 ირანული ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა.
ვრცლად ამ თემაზე: საქართველოში ირანული კაპიტალის მონაწილეობით 2 143 ბიზნესი ოპერირებს




























