საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 14 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი 2008 წლის ომზე რუსეთისთვის საქართველოს მიმართ 253 მილიონი ევროს კომპენსაციის დაკისრებაზე უკვე მეორე განაჩენია, რომელიც საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.
"დიდი ბრიტანეთი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ დამატებითი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ათასობით ადამიანის უფლებებათა დარღვევისთვის.
რუსეთმა უკვე ორი საქმე წააგო საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ოკუპაციის დროს და მის შემდეგ ჩადენილი დარღვევების გამო და ჯამში 382 მილიონი ევრო კომპენსაციის ვალდებულება დაეკისრა. ეს გადაწყვეტილებები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე ანგარიშვალდებულებისკენ.
დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მცდელობების გვერდით, რათა მიღწეულ იქნას სამართლიანობა რუსეთის აგრესიისა და მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლთათვის,"- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) განგრძობადი ოკუპაციის კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
15 ოქტომბერს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და საქართველოსთვის 253 მლნ ევროს გადახდას რუსეთი არ აპირებს.
"ჩვენ არ აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მან. ჟურნალისტის კითხვაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოსთან ურთიერთობის დათბობას თუ შეუწყობდა ხელს, პესკოვი პასუხობს, რომ "ეს ცალკე საკითხია".




























