მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთი რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას გეგმავს

ნორვეგია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სამხედროებს უფლება მისცა, საჭიროების შემთხვევაში, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები დააკავონ და მათზე კონტროლი ძალისმიერი მეთოდებით დაამყარონ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად იმ გემების ქსელის პარალიზებას ისახავს, რომელთა მეშვეობითაც მოსკოვი, დასავლური სანქციების გვერდის ავლით, ნავთობის ექსპორტს ახორციელებს და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს აფინანსებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მკვეთრად აგრესიული ზომების მიღება აუცილებელი გახდა, რადგან ირანში მიმდინარე ომის გამო ნავთობზე ფასების ზრდის ფონზე კრემლს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა მიეცა.

როგორც ირკვევა, დაუნინგ-სტრიტმა უკვე მოამზადა სამხედრო და სამართალდამცავი ქვედანაყოფები იმ რუსულ გემებზე ასასვლელად, რომლებიც დანებებაზე უარს იტყვიან. ბორტზე კონტროლის დამყარების შემდეგ, გემების მფლობელების, ოპერატორებისა და ეკიპაჟის წევრების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა სანქციების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის მუხლით დაიწყება. ბრიტანული მხარის შეფასებით, რუსული ნედლი ნავთობის დაახლოებით სამი მეოთხედი სწორედ ამ გაუმჭვირვალე ფლოტით გადაიზიდება, რაც გარემოს დაცვის კუთხითაც დიდ რისკებს შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან კრემლზე ზეწოლა გარკვეულწილად მას შემდეგ შესუსტდა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის დასასტაბილურებლად რუსულ ნავთობს 30-დღიანი შეღავათი დაუწესა და შეზღუდვები დროებით მოხსნა.

მიუხედავად ამისა, ლონდონი პოზიციის შეცვლას არ გეგმავს და ჰელსინკიში დაგეგმილ სამიტზე „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედებების გაძლიერებას მოითხოვს.

ცნობისთვის, ბრიტანეთმა სანქციების სიაში უკვე 544 რუსული ხომალდი შეიყვანა. საუბარი გემებზე, რომლებიც ლა-მანშის სრუტეს პერიოდულად კვეთენ და საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმებს უგულებელყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები