ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა 0.5%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.6%-ით შემცირდა და ოქტომბერშიც ანალიტიკოსები მშპ-ის ვარდნას პროგნოზირებდნენ, თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გასაჯაროებულმა მონაცემებმა პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
მიუხედავად ოქტომბერში დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლისა, მიმდინარე წლის III კვარტალში ბრიტანეთის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდა, ინფლაციის დონე კი ამჟამად 11%-იან ნიშნულზეა, რის გამოც ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთი გარდაუვალი რეცესიის საფრთხის წინაშეა, რომელიც 2023 წელს სრული სიმწვავით განვითარდება.
მიმდინარე კვირას ინგლისის ცენტრალური ბანკი, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ მიიღებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას, რათა სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდის ტემპი შენელდეს და ქვეყანაში ინფლაციური წნეხი დასტაბილურდეს.
"კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
„გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნელდება, რაც რამდენიმე ძირითადი გამოწვევითაა განპირობებული, მათ შორისაა: მაღალი ინფლაციის დონე, შემოსავლების შემცირება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა“, - აღნიშნულია HSBC-ის ანალიზში.