ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის მინისტრმა კანიშკა ნარაიანმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე წამყვანი ამერიკული სტარტაპი, OpenAI-ს გააკრიტიკა.
მისი თქმით, სემ ოლტმენის კომპანიის მიერ ბრიტანეთში დაგეგმილი Stargate-ის პროექტის შეჩერება არა მკაცრმა რეგულაციებმა ან ელექტროენერგიის გაზრდილმა ხარჯებმა, არამედ კომპანიის შიდა გამოწვევებმა, კერძოდ, ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა.
კანიშკა ნარაიანმა აღნიშნა, რომ სექტემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც OpenAI-მ Stargate UK-ში მონაწილეობის მზაობა გამოთქვა, ბრიტანეთში ენერგიის ტარიფები ან საკანონმდებლო გარემო არ შეცვლილა. მინისტრმა მიანიშნა, რომ OpenAI-ს მიერ ასეთი განდაწყვეტილებები ლონდონში არ გაკვირვებიათ, რადგან ტექნოლოგიური გიგანტი მსგავს გადაწყვეტილებებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხშირად იღებს.
ცნობისთვის, OpenAI-მ გაერთიანებულ სამეფოში მონაცემთა ცენტრების მრავალმილიარდი პროექტიდან გასვლა მაღალი საოპერაციო ხარჯებითა და ბიუროკრატიული ბარიერებით ახსნა. ეს მაშინ, როცა ტექნოლოგიურმა გიგანტმა სულ ცოტა ხნის წინ, ბოლო სავაჭრო სესიაზე $122 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასებსა და საავტორო უფლებების რეფორმის შეჩერების პრობლემურობაზე სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მაც ისაუბრა. მართალია, OpenAI-ს მოკავშირე ბაზრიდან გასვლას არ აპირებს და Stargate UK-ს პროექტსაც სრულად გადაიბარებს, თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ ქვეყნის ინტერესი AI-ზე მომუშავეთათვის შესაბამისი პირობების შექმნა უნდა იყოს.




























