ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 16 წლამდე ბავშვებისთვის "საზიანო" ონლაინ პლატფორმების აკრძალვას გეგმავს - ამის შესახებ გაზეთი The Times იუწყება.
როგორც ბრიტანეთის მთავრობის რეზიდენციის წყარომ განაცხადა: "პრემიერ-მინისტრს ახალგაზრდების დასაცავად ტექნოლოგიურ კომპანიებსა და მათ ხელმძღვანელებთან დაპირისპირების არ ეშინია".
საკითხთან დაახლოებული წყაროს თქმით, ოფიციალური აკრძალვა ამ კვირაში მოსალოდნელი არ არის. მთავრობამ შესაძლოა უფრო მალე გაასაჯაროოს დეტალები იმ ზომების შესახებ, რომლებიც ონლაინ სივრცეში ბავშვების მიერ სექსუალური ხასიათის სურათების შექმნის პრევენციას ისახავს მიზნად.
სოციალური მედიის გავლენამ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ონლაინ უსაფრთხოებაზე ბრიტანეთს მიმდინარე წლის დასაწყისში ბავშვების სოციალურ მედიაზე წვდომასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებისკენ უბიძგა. განიხილება ისეთი ზომები, როგორიცაა "კომენდანტის საათი", დროის ლიმიტები და შეზღუდვები მიჩვევის გამომწვევ დიზაინზე.
ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების წესების გამკაცრებას საფრანგეთი, დანია და პოლონეთიც განიხილავენ. საბერძნეთმა აპრილში გამოაცხადა, რომ 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ მედიაზე წვდომას აუკრძალავს.
ბრიტანეთის ონლაინ უსაფრთხოების კანონი სოციალური მედიის კომპანიებს უკვე ავალდებულებს, ბავშვების არალეგალური და მავნე ონლაინ კონტენტისგან დასაცავად საჭირო ზომები მიიღონ.




























