მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის ქიმიური მრეწველობა კოლაფსის ზღვარზეა - რეტკლიფი

ჯიმ რეტკლიფი

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური საწარმოს, INEOS-ის დამფუძნებელი ჯიმ რეტკლიფი შემაშფოთებელ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის ქიმიური მრეწველობა კოლაფსის ზღვარზეა. მისი თქმით, თუ ვითარება არ გამოსწორდება, რამდენიმე წელიწადში გაერთიანებულ სამეფოში ყველა ბიოქიმიური საწარმო დაიხურება და ქვეყანაში ეს ინდუსტრია სამუდამოდ მოკვდება.

ბრიტანეთში არსებულ მთავარ პრობლემად მილიარდერი მეწარმე გაძვირებულ ენერგორესურსებს და გაზრდილ გადასახადებს ასახელებს, რაც ქიმიური საწარმოს ოპერირებას კომერციულად გაუმართლებლად აქცევს. როგორც რეტკლიფმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ, INEOS-მა შოტლანდიაში ერთ-ერთი მსხვილი საწარმო დახურა, რითაც 500-მდე სამუშაო ადგილი დაიკარგა და ბრიტანეთის ეკონომიკას კიდევ ერთი საწარმო გამოაკლდა.

რეკტლიფის რიტორიკას ამყარებს ის სტატისტიკაც, რომელსაც თავად ოფიციალური უწყება ასაჯაროებს და ადასტურებს, რომ ბოლო 3 წელიწადში ქვეყანაში ქიმიური წარმოების მოცულობა 40%-ით შემცირდა.

რეტკლიფის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უაზრო რეგულაციების მიღება და გადასახადების მკვეთრად გაზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანეთს უკლებლივ ყველა საწარმო დატოვებს, რაც ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. მილიარდერის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გარემოს დაცვის პოლიტიკაა, რომელიც არაეფექტიანია, რადგან ის საწარმოების რელოკაციას უწყობს ხელს და არც გლობალური პრობლემის მოგვარებას. მისი თქმით, ყველა ის კომპანია, რომელიც აქამდე ბრიტანეთში ოპერირებდა, ეტაპობრივად განვითარებად ქვეყნებში გადაბარგდება, რაც გარემოს დაცვისა და კლიმატის პრობლემის მოგვარებისათვის არაფერს იზამს, გარდა იმისა, რომ აღნიშნული საწარმოები აზიასა თუ აფრიკაში იმაზე მეტ ემისიებს გამოყოფენ, ვიდრე ამას ბრიტანეთში ოდესმე შეძლებდნენ, თანაც უფრო იაფად.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჯიმ რეტკლიფის ქონების შეფასება $12.6 მილიარდს შეადგენს და INEOS-ის გარდა, ის ინგლისური საფეხბურთო კლუბის, Manchester United-ის მსხვილი აქციონერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები