მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[ბრიტანეთის] საელჩოს მიზანი მკაფიოა – მხარი დაუჭიროს საქართველოს პროგრესს EU-სა და ნატო–ს წევრობისკენ პროცესში - ელჩი

მარკ კლეიტონი

[ბრიტანეთის] საელჩოს მიზანი ძალიან მკაფიოა – მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისა და ნატო–ს წევრობისკენ პროცესში, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

წამყვანი დაინტერესდა ვისი ინტერესის გამტარებელია საქართველოში თავად ელჩი და ბრიტანეთის საელჩო, იმ ძალიან ბევრი სასარგებლო პროგრამის გათვალისწინებით, რომელიც მათ მიერ ხორციელდება.

“ეს ნამდვილად ძალიან კარგი შეკითხვაა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გაერთიანებული სამეფო წარმოვადგინო საქართველოში. ძალიან ვამაყობ, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს. მიმაჩნია, რომ სადაც არ უნდა მუშაობდე, დიდი პრივილეგიაა შენს ქვეყანას წარმოადგენდე საზღვარგარეთ. თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან ცოტაა ადგილი, რომელიც ამ საქმისთვის თბილისს სჯობს. 4 წელს ვასრულებ და ეს იყო არაჩვეულებრივი წლები. ამდენად, მე აქ იმისთვის ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოვადგინო. მაგრამ ამ საელჩოს მიზანი ძალიან მკაფიოა – მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისა და ნატო–ს წევრობისკენ პროცესში.

რატომ ვაკეთებთ ამას? 30 წლის მანძილზე, გაერთიანებული სამეფოს პოზიცია სრულიად ნათელი იყო – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. სუვერენიტეტი ნიშნავს დამოუკიდებელ არჩევანს. ყველაფერს, რასაც მე ვაკვირდები, ყველას ვისაც ვესაუბრები, მაჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია სწორედ ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას დებს პირობად, ეს წერია თქვენს კონსტიტუციაშიც. მე აქ ვარ, რომ წარმოვადგინო გაერთიანებული სამეფო, მაგრამ სრულიად მკაფიოდ, მთელი საელჩო მომართულია მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მიზნებს”, - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება ბრექსიტს, მარკ კლეიტონი ამბობს, რომ ბრიტანელი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილება იყო ევროკავშირის დატოვება, ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი კი ევროკავშირში გაწევრიანებაა.

“სერიოზულად ვამბობ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის არჩევანს და ამ არჩევანიდან გამომდინარე მიზნებს”, - თქვა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები