მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდა - ბრიტანეთის ელჩი

გარეტ უორდი

საქართველოს ბოლო წლების ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად, უცხოელი ინვესტორები ქვეყანაში კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ გარემოსაც აფასებენ. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა BMG-ის გადაცემაში განაცხადა.

ელჩის შეფასებით, საქართველოს ბოლო წლებში ძლიერი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რასაც ბრიტანელი ინვესტორებიც ხედავენ. თუმცა მისი თქმით, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლები, არამედ ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაც.

„ბოლო წლებში საქართველოს ნამდვილად ჰქონდა ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ამის მრავალი მიზეზი არსებობს, რომლებზეც შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი არის კარგი ხარისხის ზრდა აქ და ეს პოზიტიურია და როგორც ვთქვი, ბრიტანელი ინვესტორები ამას ნამდვილად ხედავენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ინვესტორები ასევე ინტერესდებიან კანონის უზენაესობით და ქვეყნების საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური/პოლიტიკური ტრაექტორიებით. ასე რომ, საქართველოს რეპუტაცია დაზარალდა იმის გამო, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დემოკრატიულ უკუსვლას. და კიდევ ერთხელ, ეს არ არის რაღაც კრიტიკა, რომელიც მხოლოდ დიდ ბრიტანეთს აქვს საქართველოს მიმართ. დეტალების მოძიება შეგიძლიათ ეუთოს (OSCE) ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, რომლებიც აკვირდებიან საქართველოს პროგრესს. ასე რომ ჩვენ გვინდა ვიხილოთ მრავალპარტიული დემოკრატია და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და თავისუფალი მედია და აქტიური, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. ყველა ეს საკითხი დაეხმარება საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად წარმატებული იყოს“, - განაცხადა გარეტ უორდმა.

მისი თქმით, ინვესტორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კანონის უზენაესობას და ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მდგომარეობას. ამ კონტექსტში ელჩმა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს, ანგარიშებიც ახსენა.

უორდის შეფასებით, საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მრავალპარტიული დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება.

ელჩის განმარტებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის და ის პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ მდგრადობასა და საინვესტიციო გარემოს.

უორდის თქმით, საერთაშორისო ინვესტორები ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ კომპანიების კორპორაციულ მართვას, არამედ იმ ქვეყნის სასამართლო სისტემისა და დემოკრატიული პროცესების მდგომარეობასაც, სადაც ინვესტიციას ახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები