მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავეს

რუსული ნავთობი

ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა ლა-მანშის სრუტის გადაკვეთისას რუსული ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული ნავთობტანკერი SMYRTOS დააკავა.

არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მითითებით კვირას გამთენიისას განხორციელდა. ხომალდზე ბრიტანეთის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედროები და კრიმინალთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს სპეციალურად მომზადებული თანამშრომლები ავიდნენ და ტანკერზე სრული კონტროლი მოიპოვეს.

როგორც ბრიტანული მედია წერს, გამოძიების მიმდინარეობის დასრულებამდე დაკავებული ხომალდი ქვეყნის სამხრეთ სანაპიროსთან იდგება. აღსანიშნი ფაქტია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემს დიდი ბრიტანეთი აპატიმრებს და საკუთარ პორტში გადაჰყავს. აქამდე ამ მხრივ საფრანგეთი გამოირჩეოდა.

რაც შეეხება თავად დიდ ბრიტანეთს, ქვეყნის ხელისუფლებამ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის შექმნილი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციები უკვე 500-ზე მეტ ხომალდს დაუწესა. პარალელურად, თავისი სამხედრო-საზღვაო მისიის, IRINI-ს მანდატი გააფართოვა ევროკავშირმა, რომელიც ბოლო თვეებია სწორედ ლონდონთან პარტნიორობით ახერხებს სამართალდამრღვევი გემების აღმოჩენას.

რაც შეეხება კრემლის პოზიციას, რუსეთის საგარეო უწყებას დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით ჯერ საჯაროდ არაფერი უთქვას, თუმცა აქამდე არაერთხელ დაგმო ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეჭვის საფუძველზეც კი ნებისმიერი ხომალდის დროებით დაკავებასა და უახლოეს პორტში გადაყვანას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, რუსეთს ნავთობზე მისთვის დაწესებული $60-იანი საფასო ლიმიტის უგულებელსაყოფად და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად თანხების მოზიდვის მიზნით სპეციალური მოძველებული გემების ნაკრები, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი აქვს შექმნილი. ფლოტი, რომელიც 1,000-ზე მეტ ხომალდს აერთიანებს და აქტიურად გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები