ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, განახლებადი ენერგიის ყოველწლიურ სახელმწიფო აუქციონზე ბიუჯეტი წელს 50%-ით, 1.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა.
ლეიბორისტული პარტია, რომელიც ქვეყნის მმართველობაში მიმდინარე თვის დასაწყისში მოვიდა, ელექტროენერგიის სექტორის დეკარბონიზაციას ისახავს მიზნად, რაც განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის სიმძლავრეების სწრაფი ტემპით ზრდას ითვალისწინებს - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
მთავრობა მოუწოდებს განახლებადი ენერგიის პროექტების დეველოპერებს, მონაწილეობა მიიღონ მთავრობის მიერ ორგანიზებულ CFD აუქციონში, რომელიც წარმოებული ელექტროენერგიისთვის ტარიფების გარანტიას უზრუნველყოფს.
კონსერვატიული პარტიის მიერ გამოყოფილ 1 მილიარდიან ბიუჯეტზე 500 მილიონის დამატებამ ბრიტანეთის რიგით მე-6 CFD აუქციონის ბიუჯეტი რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. გაზრდილი ბიუჯეტი კი ნიშნავს, რომ უფრო მეტ შერჩეულ პროექტს გაუფორმდება კონტრაქტი, რომელიც ელექტროენერგიას მინიმალური ტარიფით მიიღებს.
როგორც ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა, ედ მილიბანდმა განაცხადა, ახალი მთავრობა მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით ბრიტანეთის მოწინავე პოზიციებზე დაბრუნებას აპირებს. ლეიორისტული პარტია გეგმავს, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა ააშენონ, რაც ბრიტანეთის ენერგოდამოუკიდებლობას გააძლიერებს და ქვეყანას სუფთა ენერგიის “სუპერძალად” აქცევს.
აუქციონის ფარგლენში, 1.1 მილიარდი ფუნტი ქარის ოფშორული სადგურებისთვის გამოიყოფა, 185 მილიონი ფუნტი - ქარის ონშორულ და მზის პროექტებისთვის, 270 მილიონი კი - მოტივტივე ელექტროსადგურების და სხვა განვითარებადი ტექნოლოგიების დახვეწას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ჩატარებულმა რიგით მე-5 CFD აუქციონმა ქარის ოფშორული პროექტების მოზიდვა ვერ შეძლო, რადგან შეთავაზებული ბენეფიტები კომპანიებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლოა კვლავ არ აღმოჩნდეს საკმარისი მეტი პროექტის მოსაზიდად.