მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირდაპირი კონტრაქტების გაფორმებით საკმაოდ ბევრი კომპანიაა დაინტერესებული - გიორგი აბრამიშვილი

აბრამიშვილი

კერძო სექტორს ენერგეტიკულ პროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობა უკვე შეუძლია. ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადების მიღება 2 სექტემბერს დაიწყო და პროცესი 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელება.

"საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, პირდაპირი კონტრაქტების გაფორმებით საკმაოდ ბევრი კომპანიაა დაინტერესებული.

გიორგი აბრამიშვილმა BMGTV-ის გადაცემა "საქმიან დილაში" ახალი მხარდამჭერი მექანიზმი პოზიტიურად შეაფასა და თქვა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები ბევრ დროს დაზოგავს. მისივე ინფორმაციით, გამორიცხული არაა, რომ მესამე CFD აუქციონი გამოცხადდეს, თუმცა ეს ბიზნესის აქტიურობაზეა დამოკიდებული და წლის ბოლოს არსებული ვითარებიდან გამომდინარე გადაწყდება.

"საკმაოდ ბევრი კომპანიაა დაინტერესებული, ვინც ფიქრობს, რომ ხელშეწყობის ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს და დაიწყოს ამ თუ იმ პროექტზე მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ზოგადად ეს სისტემა საკმაოდ კარგია. ჩვენი შეთანხმება მთავრობასთან არის, რომ მოდით შევხედოთ, რამხელა ინტერესს გამოიწვევს და თუ ვთქვათ ამ ინტერესის სტაგნაცია იქნება წლის ბოლოსთვის, შემდეგ ვიფიქროთ, რომ მესამე აუქციონი გამოვაცხადოთ. თუ მოთხოვნა იქნება, პირიქით, ეს ვადა, რომელიც 31 დეკემბრამდეა, შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ გარკვეული პერიოდით ყოფილიყო და არა უსასრულოდ, რომ მესამე აუქციონსაც ჰქონდეს შანსი. მოგეხსენებათ, ყველა პროექტი ერთნაირი არაა, დიდი განსხვავებებია ხარჯების ნაწილში და იმ კომპანიების, რომლებიც ფასებთან მიმართებით არ ეთანხმება, შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ მესამე აუქციონი ჩატარდეს და მონაწილეობა მიიღონ.

აუქციონების ნაწილში ჯანსაღი კონკურენცია არსებობდა, რაც მისასალმებელი იყო. იყო რაღაცები დასახვეწი - არ შეიძლებოდა 2 მეგავატიანი და 100 მეგავატიანი სადგურების ერთ ჭრილში განხილვა. იმედი გვაქვს, რომ თუ მესამე აუქციონი ჩატარდება, ეს ნაწილი დაიხვეწება და ჩაშლა მოხდება. ბიზნესმა დაინახა რა ველზე უწევს თამაში, მთავრობამ დაინახა, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესია სექტორში ინვესტიციების განხორციელებისთვის და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში დაბალანსებული გამოვიდა - მივიღეთ მეორე აუქციონის ტარიფები, ახლა კარი გახსნილია, ვისაც სურს რომ ამ ტარიფებით განახორციელოს პროექტები",- თქვა გიორგი აბრამიშვილმა.

GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროცესის შედარებით გააქტიურებას ოქტომბერ-ნოემბერში ელის და ასევე ხაზს უსვამს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული არასტაბილურობა ბიზნესის გადაწყვეტილებებზე გავლენას მოახდენს.

"ვიცი რამდენიმე კომპანია, რომელიც ფიქრობენ, რომ უკვე სექტემბერშივე დაიწყონ მუშაობა და კონტრაქტების დადება, თუმცა ძირითადად ოქტომბერ-ნოემბერში წამოვა აქტიურობა. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოქტომბერში არჩევნებია. პოლიტიკური არასტაბილური ვითარება ყველა სექტორზე და განსაკუთრებით ჩვენს სექტორზე, რომელიც ფინანსურად ტევადი გახლავთ, სერიოზულ გავლენას იქონიებს. შესაბამისად, არის ბევრი კომპანია, რომელიც არჩევნების შედეგებს დაელოდება და შემდეგ იფიქრებს პროექტების განხორციელებას",- განმარტა აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, მეორე CFD აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, მთავრობამ დაადგინა ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც კერძო სექტორი 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს. ჰიდროელექტროსადგურების (მოდინებაზე) შემთხვევაში ტარიფი 6.5 ცენტია, ქარის ელექტროსადგურების - 6 ცენტი, ხოლო მზის ელექტროსადგურების - 5.6 ცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები