მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ პირდაპირ კონტრაქტებზე დიდი მოთხოვნა არ იქნება, მესამე CFD აუქციონის ჩატარება გამორიცხული არაა - აბრამიშვილი

აბრამიშვილი

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ინვესტორების მხრიდან პირდაპირი კონტრაქტების დადებაზე დიდი მოთხოვნა არ იქნება, შესაძლოა, მესამე CFD აუქციონი მაინც ჩატარდეს.

როგორც გიორგი აბრამიშვილმა BMG-ის განუცხადა, ახლა ბაზრის მონაწილეები დააკვირდებიან, როგორ იმუშავებს პირდაპირი ხელშეკრულებების სისტემა და რამდენად მისაღები იქნება კომპანიებისთვის დადგენილი ტარიფები.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ენერგოპროექტების ნაწილი მეორე CFD აუქციონის ფარგლებში დადგენილი ტარიფებით ვერ განხორციელდება, სავარაუდოდ, მომავალში რიგი მიმართულებებით მაინც საჭირო იქნება მედიანური ტარიფების გადახედვა.

“ჩვენი შეთანხმება მთავრობასთან ასეთია, ჯერ შევხედოთ, როგორ იმუშავებს პირდაპირი კონტაქტების სისტემა. თუ მოთხოვნა მაღალი იქნება და პირდაპირი ხელშეკრულებები იმუშავებს, ჩვენ არანაირი საწინააღმდეგო არ გვაქვს. მაგრამ თუ ფასების კორექტირება იქნება საჭირო, ეს კარიც არაა დახურული. ძველი დადგენილებაც ძალაშია, რომლის მიხედვითაც CFD აუქციონი შეიძლება ჩატარდეს. შესაბამისად, მესამე აუქციონის ჩატარებაც არ გამოირიცხება, თუ პირდაპირი ხელშეკრულებების დადებაზე დიდი მოთხოვნა არ იქნება.

განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკაში პროექტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, შესაბამისად, ხარჯებიც განსხვავებულია ხოლმე. ამიტომ ასე ერთ „ქვაბში მოხარშვა“, რომ ყველა პროექტისთვის მისაღები იყოს ეს ფასები, არასწორი იქნება. იმ კომპანიებმა, რომლებისთვისაც ეს მისაღები იყო, მედიანურ ტარიფზე უფრო დაბალი ფასები წარადგინეს. მაგრამ არის პროექტები, რომლებსაც ხარჯების ნაწილი უფრო მეტი აქვს, იმიტომ რომ მაგალითად, ადგილზე ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა განვითარებული, იმიტომ რომ გადამცემი ქსელები უფრო შორსაა. შესაბამისად, მსგავსი პროექტები ამ ფასად ვერ განხორციელდება. ამიტომ ალბათ რაღაც ეტაპზე საჭირო იქნება, რომ ფასები გადაიხედოს. თუმცა საწყის ეტაპზე შეიძლება გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ამ ფასად შემოვლენ და პირდაპირ ხელშეკრულებებს დადებენ“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ინვესტორებთან პირდაპირი კონტრაქტები სიმძლავრის მეორე აუქციონის მედიანური ტარიფებით დაიდება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიანური ტარიფი თავად დაინტერესებული მხარეების მხრიდან წარმოდგენილი ფასების მიხედვით დადგინდა და პირდაპირი კონტრაქტებიც სწორედ ამ ტარიფით დაიდება.

ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი, რომ მთავრობა ახალ CFD აუქციონებს აღარ გამოაცხადებს და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან პირდაპირ კონტრაქტებს გააფორმებს. ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ დადგენილი ტარიფები პროექტების რეალურ ღირებულებას არ შეესაბამებოდა, რაც ენერგოპროექტების განხორციელებას რისკს ქვეშ აყენებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები