ეკონომიკის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის. ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის ინვესტორებთან პირდაპირი კონტრაქტები სიმძლავრის მეორე აუქციონის მედიანური ტარიფებით დაიდება. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან უწყების ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯუბო ტურაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
CFD-ის მეორე აუქციონის გამოცხადების შემდეგ ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებმა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ აუქციონით დადგენილი ენერგოპროექტების შესრულების მედიანური ტარიფები პროექტების რეალურ ღირებულებას არ შეესაბამებოდა, რაც დღის წესრიგში ენერგოპროექტების განხორციელების რისკს აყენებს. დარგის შეფასებებს იზიარებდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც.
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ მედიანური ტარიფი თავად დაინტერესებული მხარეების მხრიდან წარმოდგენილი ფასების მიხედვით დადგინდა და პირდაპირი კონტრაქტებიც სწორედ ამ ტარიფით დაიდება.
„ის ტარიფები, რომელიც CFD აუქციონშია დადგენილი, დაინტერესებული პირების მიერ გაკეთებული განაცხადებით დადგინდა. თუ ვიტყვით, რომ ეს ტარიფები არ იმუშავებს, აღნიშნული მსჯელობა დათქმაშიც არასწორი იქნება, რამდენადაც ის მედიანური ტარიფი, რომელიც სიმძლავრის აუქციონის კომისიამ დაადგინა, სწორედ იმ განაცხადების საფუძველზე დადგინდა, რომელიც კერძო პირებმა - ინვესტორებმა წამოადგინეს. ეს ის ტარიფებია, რომელიც დღეს ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედებს, ეს მუშა ტარიფებია, რომელიც კომერციული სექტორისთვისაც მისაღებია“, - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას - როდის გეგმავს მთავრობა ინვესტორებთან პირდაპირი კონტრაქტების გაფორმებას, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზუსტ დროს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
„რაც შეეხება პირდაპირ კონტრაქტებს, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდი კონკურენცია გვქონდა და საკმაოდ დიდი მოთხოვნა აღნიშნული ტარიფების მიღებისთვის და სიმძლავრის აუქციონში შეზღუდული ლიმიტირებული კვოტები იყო, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რადგან ტარიფები დადგენილია, ბიზნესს აუქციონს მიღმა ემუშაოს, ანუ ბიზნეს მიეცეს შესაძლებლობა, რომ პირდაპირი მოლაპარაკების გზით მიიღოს ის ტარიფი, რომელიც მუშაობს.
საქართველოს მთავრობამ უკვე მოიწონა დადგენილებაში შესული ცვლილება, რომლის საფუძველზეც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი კონტრაქტებით მომართონ. რაც შეეხება როდის გაფორმდება პირდაპირი ხელშეკრულებები, ამჯერად ვმუშაობთ ყველა მიმდინარე საკითხის დარეგულირებაზე იმისთვის, რათა სამინისტრომ განაცხადების მიღების დაწყება და შემდგომში განხილვა შეძლოს, თუმცა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მიმდინარე დადგენილებამ სიმძლავრის აუქციონის კონცეფცია არ გააუქმა, მხოლოდ მხარდაჭერის მიღების ალტერნატიული გზა დავამატეთ“, - განმარტა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.