CFD აუქციონებში, შესაძლოა, „გარკვეული ფილტრები“ გაჩნდეს - ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია,
CFD აუქციონებში მონაწილეობისთვის კომპანიებს გამოცდილების დადასტურება და/თუ სხვა დამატებითი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწიოთ. ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომელზედაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ჰიდროენერგეტიკული საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი ესაუბრა. გიორგი აბრამიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ CFD აუქციონებში „გარკვეული ფილტრების“ დამატების საჭიროება, იმ რისკების გამოსარიცხად ახსნა, რომელიც შესაძლოა, გამოუცდელი კომპანიის მიერ დასახელებული ტარიფის გამო დადგეს და შედეგად, ენერგოპროექტების განხორციელების ნაცვლად, მხოლოდ "ფურცელზე გაფორმებული მემორანდუმები შეგვრჩეს".
- CFD აუქციონის მიმართ კერძო სექტორის ინტერესი გაზრდილია და მეორე ეტაპზე 146 წინადადება შევიდა, რაც პირველი აუქციონის შედეგებს 2-ჯერ აღემატება. ეს ერთ მხრივ, ძალიან მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ თავიდანავე ვსაუბრობდით, რომ საჭიროა, გარკვეული ფილტრები არსებობდეს, რათა ვიცოდეთ ვინ, როგორი კომპანიები მიიღებენ აუქციონში მონაწილეობას. რატომ? - რათა საბოლოოდ, არ შეგვრჩეს ფურცელზე გაფორმებული მემორანდუმები, რომელიც არაერთი გვინახავს და რეალურად, აუქციონში გამარჯვებული კომპანიები პროექტების შესრულების ეტაპზე გადავიდნენ. ამდენად, მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული ფილტრები, რათა ამ კომპანიებმა სწორი მოლოდინები გააჩინონ.
- „გარკვეული ფილტრების“ დამატების საჭიროება პირველი აუქციონის შემდეგ დაინახეთ და ამიტომ გადაწყვიტეთ მინისტრთან ამ თემის განხილვა? - მახსოვს, ადრე მთავრობამ არ გაიზიარა ეს ინიციატივა...
- დიახ, მაშინ მთავრობამ ეს მიდგომა არ გაიზიარა; მათი ლოგიკაც გასაგებია - აუქციონი უნდა იყოს გამჭვირვალე და შეიძლება, ვიღაც სხვა სფეროში იყო წარმატებული და ახლა ენერგეტიკაში გადმოვიდა, ამიტომ ერთი მხრივ, ლოგიკურია, რომ შეზღუდვა არ იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, დიდი შანსია, გამოუცდელი კომპანიები აუქციონში არაადეკვატური ფასებით შემოვიდნენ, შესაბამისად, გაიმარჯვონ და სხვა უფრო გამოცდილი კომპანიები დარჩნენ აუქციონის გარეთ; შემდეგ კი, მათ ამ პროექტების ამ ფასად განხორციელება გაურთულდეთ.
- ეკონომიკის სამინისტრო ჯერ სწავლობს 146 წინადადებას, რომელიც CFD აუქციონის მეორე ეტაპზე შევიდა... როგორი მოლოდინები გაქვთ ტარიფებთან მიმართებით?
- მოლოდინია, რომ ფასები კიდევ უფრო დაბალი დაჯდება, ვიდრე პირველ აუქციონზე იყო, რაც დანამდვილებით გვაფიქრებს იმაზე, რომ ეს არის გამოცდილების დეფიციტის შედეგი. მაგალითად, წინა აუქციონზე მზის ენერგეტიკაში მედიანური ტარიფი ქართან და ჰიდროსთან შედარებით ყველაზე დაბალი დაჯდა. ეს მაგალითიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ მზის ენერგეტიკაში არ გვაქვს საკმარისი გამოცდილება... აქედან გამომდინარე არაადეკვატური იყო ეს ფასი; ისიც მოგეხსენებათ, რომ მზის პანელების სიცოცხლისუნარიანობა სამჯერ ნაკლებია, ვიდრე - განახლებადი ენერგიების სხვა წყაროების...
- რამდენად ლოგიკურია თქვენი ეჭვები, ამას ყველაზე კარგად დრო გამოაჩენს, თუ აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების პროექტები მემორანდუმის ეტაპს ვერ გაცდნენ, მაგრამ რა გითხრათ ეკონომიკის მინისტრმა?
- მინისტრთან შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა სწორედ ეს იყო; ლევან დავითაშვილი სრულად გამოგვყვა ამ ლოგიკაში და შემდეგი, მესამე აუქციონისთვის, რომელიც წელს იქნება, გარკვეულ კრიტერიუმებზე ვისაუბრებთ. ჩვენც ჩავერთვებით ამაში, ვის შეეძლება მონაწილეობის მიღება აუქციონში...
- შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა შეიძლება იყოს „გარკვეული ფილტრები“? - მაგალითად, გამოცდილება გენერაციის ობიექტების მშენებლობის?
- არამხოლოდ გამოცდილება - ტექნიკური საკითხები უნდა იყოს მოგვარებული. მაგალითად, ჩვენი მოსაზრებით, ელექტროენერგიაზე დაერთების პირობა უნდა არსებობდეს; არ შეიძლება, ისეთი კომპანიის პროექტი იმარჯვებდეს, რომელზედაც წინასწარ არ იქნება მოკვლეული ქსელთან მიერთების საშუალება არსებობს თუ - არა და აღმოჩნდეს, რომ ტყუილად მოხდა სიმძლავრის დაკავება. ასევე, ვფიქრობ, ფინანსური მოდელები უნდა შეფასდეს სწორად - რამდენად ადეკვატურადაა გათვლილი ყველა ის ხარჯი, რაც შეიძლება, პროექტების განხორციელებას მოჰყვეს.
- როგორ ფიქრობთ ფინანსთა სამინისტრო ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს? - შესაძლოა, დამატებითი ფილტრების გაჩენამ კონკურენცია შეზღუდოს და შესაბამისად, უფრო ძვირი ტარიფები დაჯდეს თუ ეკონომიკის მინისტრისგან მყარი თანხმობის ნიშნები იკვეთება?
- პირველი შეხვედრა შედგა <ლევან დავითაშვილთან>; კარგი შეხვედრა იყო და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას შემდეგი აუქციონის მოსამზადებლად. ვნახოთ, რა გამოვა.