დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, სასამართლოში უჩივლოს საფეხბურთო კლუბ Chelsea-ის ყოფილ მფლობელ რომან აბრამოვიჩს, რათა დარწმუნდეს, რომ კლუბის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს აბრამოვიჩი უკრაინაში გადარიცხავს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ბრიტანეთისგან დასანქცირდა, საფეხბურთო კლუბის გაყიდვით მიღებული £2.5 მილიარდი კი მის საბანკო ანგარიშზეა გაყინული. მთავრობას სურს, ეს თანხა უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაში დაიხარჯოს, თუმცა თავად აბრამოვიჩი აცხადებს, რომ მას სურს, ფული უკრაინის ომის "ყველა მსხვერპლს" შეხვდეს.
როგორც საერთო განცხადებაში კანცლერი როშელ რივსი და საგარეო მდივანი დეივიდ ლამი აცხადებენ, მოლაპარაკებების კარი ღიაა, თუმცა ბრიტანეთი, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავს. მათივე თქმით, ბრიტანეთს სურს დარწმუნდეს, რომ ადამიანები, რომლებიც უკრაინაში იტანჯებიან, ამ თანხას რაც შეიძლება მალე მიიღებენ.
სახელმწიფო აბრამოვიჩთან შეთანხმებას ვერ აღწევს, რადგან ადვოკატებთან შორის უთანხმოებას აქვს ადგილი.
აღსანიშნავია, რომ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუს მილიარდერს ბრიტანეთისგან Chelsea-ის გასაყიდად სპეციალური ლიცენზია მიენიჭა, რისთვისაც აბრამოვიჩმა დაამტკიცა, რომ კლუბის გაყიდვით სარგებელს თავად არ მიიღებდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული შემოსავალი მის საკუთრებაშია, აბრამოვიჩსს £2.5 მილიარდზე წვდომა შეზღუდული აქვს.
გაყიდვის გამოცხადების შემდეგ აბრამოვიჩმა თქვა, რომ მიღებული შემოსავალი გადაირიცხებოდა უკრაინის ომის ყველა მსხვერპლისთვის, რაც რუსულ მხარესაც მოიაზრებდა. ამასთან, აბრამოვიჩი თავისი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო კავშირის შესახებ ცნობებს უარყოფს.