დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს. ამის შესახებ BBC ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ბოლო დღეების რეკორდული მაჩვენებელი 106,122-ია, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი რიცხვია.
ამასთან, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 8,008 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, რაც ბრიტანეთში გასული წლის ზამთრის შემდეგ, მაქსიმალური მაჩვენებელია. თუმცა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყნის პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებით, შობამდე დიდ ბრიტანეთში ახალი კოვიდშეზღუდვების და რეგულაციების შემოღება არ განიხილება. რაც შეეხება ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებლებს, ეს რიცხვი 140-ია.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 968,665 გამაძლიერებელი ე.წ. „ბუსტერ“ დოზაა გაკეთებული, ხოლო სრულად აცრილია ბრიტანეთის 6,1 მილიონი მოქალაქე.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლების რეკომენდაციით, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებიც უნდა აიცრან ისევე, როგორც ხანდაზმულმა მოქალაქეებმა „ბუსტერ“ დოზები უნდა მიიღონ.
რაც შეეხება ქვეყანაში მოქმედ ბოლოდროინდელ რეგულაციებს, შობამდე უელსში პაბებში, კინოთეატრებსა და რესტორნებში შეკრების უფლება არაუმეტეს 6-კაციან ჯგუფებს აქვთ. შოტლანდიაში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების შემდეგ, არაერთი მასშტაბური საზოგადოებრივი ღონისძიება გაუქმდა. ხოლო ღამის კლუბები ჩრდილოეთ ირლანდიაში 26 დეკემბრიდან დაიხურება.




























