გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა - იანვარში წლიურმა ინფლაციის დონემ 10.1% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს.
ცნობისთვის, წინა თვეს ინფლაცია 10.5%-იან ნიშნულზე იყო; ოქტომბერში კი სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 11.1%-ს შეადგენდა, რაც 40-წლიანი რეკორდია.
ბრიტანეთში ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც 5.8%-იან ნიშნულზეა, ნაცვლად წინა თვეებში დაფიქსირებული 6.5%-ისა.
ინფლაციის ტემპის შენელება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთანაა დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 4.00%-იან ნიშნულამდე გაზარდა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრიტანეთის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასი ერთთვიან ჭრილში თითქმის 50%-ით დაეცა, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კომუნალური ხარჯებისა და ინფლაციის დონის შემცირებაზე.