მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთთან "ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმში რჩებიან და ელჩის გამოწვევას არ აპირებენ. ამის შესახებ მან პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"[ბრიტანეთის ელჩი] თვითონ ხომ არაფერს წყვეტს, ისიც ტრაგიკულ მდგომარეობაშია. თვითონ როგორ უყურებს ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ ობიექტური შემფასებლის თვალით, მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული. მისი პირით გაცხადდა გადაწყვეტილება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის თაობაზე. ის წარმოადგენს დიდ ბრიტანეთს. ინგლისში წარმოიშვა ადამიანის ძირითადი უფლებები და მიუხედავად იმისა, რომ თუ არ ვცდები, შოტლანდიელია და არა ინგლისელი, მთავარი ისაა, რომ ინგლისი ადამიანის უფლებების აკვანია. სამწუხაროა, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენელს უწევს განცხადების გაკეთება საქართველოში მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის თაობაზე. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა), აქაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ჩვენთვის ძვირფასია დიდი ბრიტანეთი, როგორც გამორჩეული ისტორიის მქონე სახელმწიფო და მისი ხალხი, ამიტომ, ამ შემთხვევაშიც ვინარჩუნებთ მეგობრულ დამოკიდებულებას", - აცხადებს კობახიძე.

24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ორ ქართულ ტელევიზიას: "იმედს" და პოსტვის. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ცინიკურია, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელეარხის დასანქცირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები