2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მოტივით ტელეკომპანიებს - "იმედსა" და "Postv"-ის სანქციები დაუწესა.
"ოცნების" მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა სანქციებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მეტი განმარტებისთვის დღეს, 26 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს ელჩია დაიბარეს, რომელმაც უწყება კომენტარის გარეშე დატოვა.
bm.ge დაინტერესდა როგორია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი დიდ ბრიტანეთთან.
ვაჭრობა
ბრიტანეთთან სავაჭრო ბრუნვა იანვარში 327.9 მილიონიდან 18.7 მილიონ აშშ დოლარამდე 94.2%-ით შემცირდა. კლება ძირითადად განპირობებულია იმპორტის შემცირებით, რაც თავის მხრივ უკავშირდება გასული წლის უპრეცედენტო ზრდას.
2025 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქცია დაუწესა, საქართველოში 420 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა. მოგვიანებით პარტიამ დაადასტურა, რომ ეს ივანიშვილის ქონება იყო.
რაც შეეხება მიმდინარე წელს საქართველომ ინგლისიდან 18.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია იყიდა და 86.2 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი დიდი ბრიტანეთიდან 2026 წლის იანვარში
- მსუბუქი ავტომობილები - 7.6 მლნ აშშ დოლარი;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები - 2 მლნ აშშ დოლარი;
- სპირტიანი სასმელები - 1.4 მლნ აშშ დოლარი;
- ნაწილები და საკუთნოები საბეჭდი და გამომთვლელი მანქანებისათვის - 858.1 ათასი აშშ დოლარი;
- სასმელების წარმოებისთვის გამოსაყენებელი ნარევები - 564.7 ათასი აშშ დოლარი.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი 2026 წლის ინავარში
- მინერალური და მტკნარი წყლები - 66 ათასი აშშ დოლარი;
- ტკბილი გაზიანი სასმელები - 10.6 ათასი აშშ დოლარი;
- ლუდი - 3.7 ათასი აშშ დოლარი;
- ონკანები, სარქველები და სხვა არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების - 2 ათასი აშშ დოლარი;
- პირადი ნივთები - 1 ათასი აშშ დოლარი.
2025 წელს სავაჭრო ბრუნვა 170 მლნ აშშ დოლარიდან 542.5 მლნ აშშ დოლარამდე იყო გაზრდილი.
FDI
დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს ბრიტანეთიდან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 431.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 27.5%-ია. რაც შეეხება 2025 წელს, სამი კვარტალის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთიდან შემოსულმა FDI-მ ჯამურად 131 მლნ შეადგინა, თუმცა პირველ და მესამე კვარტალში საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითი იყო.
- 2024 წელი: 431.1 მლნ. აშშ დოლარი;
- 2023 წელი: 365.2 მლნ. აშშ დოლარი;
- 2022 წელი: 656.8 მლნ. აშშ დოლარი;
- 2021 წელი: 584.9 მლნ. აშშ დოლარი;
- 2020 წელი: 284.8 მლნ. აშშ დოლარი;
ტურიზმი
2025 წელს საქართველოს ბრიტანეთის 45 018 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 2024 წელზე 39.1%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2025 წლის გაზაფხულიდან განახლდა. თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ორი ბრიტანული ავიაკომპანია ასრულებს:
- British Airways - დიდი ბრიტანეთის ფლაგმანმა ავიაკომპანიამ თბილისსა და ლონდონს შორის ფრენები 2025 წლის 30 მარტიდან დაიწყო. რეისები კვირაში ოთხჯერ სრულდება.
- EasyJet - ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა გადამყვანმა ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ოპერირება 2025 წლის აპრილიდან დაიწყო.
ფულადი გზავნილები
2026 წლის იანვარში დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 4.9 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა.
ბოლო 5 წლის მაჩვენებლები კი ასეთია:
- 2025 წელი - 58.02 მლნ აშშ დოლარი;
- 2024 წელი - 48.09 მლნ აშშ დოლარი;
- 2023 წელი - 46.09 მლნ აშშ დოლარი;
- 2022 წელი - 39.5 მლნ აშშ დოლარი;
- 2021 წელი - 21.5 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება გადარიცხვებს, გასულ წელს საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ჯამში 1.3 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა. წლების მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა 2.06 მლნ აშშ დოლარი 2013 წელსაა გადარიცხული.




























