მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით მკვეთრად უფასურდება

6319d1e60fc9e
გიორგი თოლორდავა
08.09.22 15:34
2393
საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე უჩვეულოდ მაღალი ვოლატილობა ფიქსირდება, ევროპის მასშტაბით მიმდინარე ენერგოკრიზისის, სამთავრობო ცვლილებებისა და რეცესიის რისკების ზრდის ფონზე, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი ამერიკულ დოლართან მიმართებით მკვეთრად უფასურდება და ახლა უკვე ის 1985 წელს დაფიქსირებულ მინიმალურ ნიშნულს აღწევს.

ამჟამად ერთი სტერლინგის სანაცვლოდ 1.149 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც მაშინ როცა ზუსტად ერთი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 1.383 დოლარს შეადგენდა. მოკლევადიან პერიოდში ბრიტანული სტერლინგის თითქმის 17%-იანი გაუფასურება რიგი მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული.

პირველ რიგში, გაერთიანებული სამეფო მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებების წინაშე დგას - ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რომლის ეკონომიკური სამოქმედო გეგმა და სტრატეგია ინვესტორთათვის ჯერაც უცნობია, გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტიც ახალი სახეებით კომპლექტდება, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს ბრიტანეთის სამთავრობო პოლიტიკის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობას.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში 10.1%-იანი ინფლაციაა, მართალია, ინგლისის ცენტრალური ბანკი მის დასაძლევად მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად ამკაცრებს, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტრატეგია არ იქნება საკმარისი ფასების ზრდის ტემპის შესანელებლად, რადგან ინფლაციური წნეხის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორის, ენერგორესურსების ფასების საკითხი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით, 1.75%-იან ნიშნულამდე გაზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი თითქმის 1 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განსაზღვრულ განაკვეთს.

როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი დაბალია, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება კი - არასტაბილური.

ამ შემთხვევაში, ინვესტორთათვის აშშ-ის 2.5%-იანი განაკვეთი გაცილებით უფრო მიმზიდველია, ვიდრე ბრიტანეთის 1.75%-იანი, რაც ვალუტის გაცვლით კურსზეც მკაფიოდ აისახება.

მოსალოდნელია, რომ FED-მა მონეტარული კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე განაკვეთი დამატებით 75-100 საბაზო პუნქტით გაზარდოს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ზეწოლას ბრიტანული სტერლინგის კურსსა და ინგლისის ცენტრალურ ბანკზე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები