მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიუსელი EU-ს წევრ ქვეყნებს წყლის მოხმარების 10%-ით შემცირებისკენ მოუწოდებს

ევროპა

ევროკავშირი ბლოკის წევრ სახელმწიფოებს 2030 წლისთვის წყლის მოხმარების სულ მცირე 10%-ით შემცირებისკენ მოუწოდებს გვალვების გახშირებული და გახანგრძლივებული სეზონის გამო. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ევროკომისია გეგმას მომდევნო თვეს წარადგენს და, ევროკავშირის წყლის მიწისქვეშა რეზერვების შემცირების ფონზე, ქვეყნებისთვის რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნებს დააწესებს.

საქმე ისაა, რომ ზაფხულის სეზონზე წყლის მოხმარებაზე ლიმიტის დაწესება სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში უფრო და უფრო ხშირი პრაქტიკაა. განსაკუთრებით სამხრეთ ევროპაში, სადაც მოსახლეობას ხშირად საცურაო აუზების ავსებაც ეკრძალებათ.

Financial Times-თან საუბარში, საბერძნეთის წყლის მომარაგების უმსხვილესი კომპანია Eydap-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივი გეგმის გარეშე, ათენში მომდევნო ორი წლის განმავლობაში, შესაძლოა, წყლის დეფიციტი გაჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება.

ამასთან 2025 წელი კვიპროსისთვის ზედიზედ მესამე წელია, როდესაც გვალვა ფიქსირდება, წყლის რეზერვების მდგომარეობით კი ქვეყანას რიგით მერვე ყველაზე უარესი პერიოდი აქვს. შვედეთშიც კი, რომელიც ევროპის ჩრდილოეთითაა, ზოგ რეგიონში ბაღების მორწყვა აკრძალულია. საფრანგეთსა და იტალიაში ფერმერებსა და გარემოს დამცველ ორგანიზაციებს შორის, წყლის გამოყენების უფლებაზე, მუდმივი კონფლიქტია.

ევროკავშირის გეგმა ბლოკს წყლის კრიზისის წინააღმდეგ უფრო გამძლეს გახდის, როდესაც მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს. გეგმის მიზანი ასევე იქნება, რომ ქვეყნებმა უფრო მეტი ინვესტიცია წყალსადენებში, ტუმბოებსა და გამწმენდ სადგურებში ჩადონ.

ევროკომისიის დათვლით, წლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის წელიწადში €23 მილიარდია საჭირო. ამასთან, ევროპის საინვესტიციო ბანკმა €15 მილიარდიანი პროგრამა წარადგინა, რომელიც წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის გრანტებისა და სესხების გაცემას ითვალისწინებს.

EU-ს გეგმის თანახმად, ბლოკის მასშტაბით წყლის მხოლოდ 2.4%-ის ხელახალი გამოყენება ხდება, რაც დაბალი მაჩვენებელია და უნდა გაიზარდოს. ამასთან, ევროკომისია ქვეყნებს მოუწოდებს, წყლის მოხმარების შესამცირებლად ეროვნული მიზნები დაისახონ. გეგმა ჯერ დამტკიცებული არ არის და, მის წარდგენამდე, შესაძლოა, შეიცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები