"ყველამ ვნახეთ, რომ ბრიუსელი ჟონავს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიისთვის გაგზავნილი წერილის "რადიო თავისუფლებს" მიერ გასაჯაროებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავად არ ჰქონდათ გასაჯაროების უფლება, თუმცა მათი სურვილიც არის, რომ საზოგადოებამ ხელისუფლების პოზიცია ნახოს.
„ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში. ვნახეთ, რომ „რადიო თავისუფლება“, რომელიც თავის დროზე CIA-ის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ქვედანაყოფია, რომელსაც ამერიკამ შეუწყვიტა დაფინანსება და ბრიუსელმა აიღო თავის თავზე დაფინანსება, საკუთარ პროპაგანდისტულ მედიად აქცია. ამის მაგალითზე ვნახეთ, როგორ ჟონავს ბრიუსელი, თუმცა აქ პრობლემა არაფერია. ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ გაგვესაჯაროებინა, თუმცა პირიქით, ჩვენი სურვილიც არის, რომ გასაჯაროვდეს და საზოგადოებამ ნახოს, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ანგარიშში, რომელიც ყოველწლიურად ეგზავნება ბრიუსელს, აღწერილია, თუ სად იმყოფება საქართველო ინსტიტუციურ, საკანონმდებლო, თუ სტატისტიკის მიხედვით უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, რაც აინტერესებს და უნდა აინტერესებდეთ კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში, არის ის, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის მხრივ, კრიმინალური გარემოს გაუარესების მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველო არის სამაგალითო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, "რადიო თავისუფლებამ" ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი წერილი და შესაბამისი ანგარიში მოიპოვა. როგორც გამოცემა წერს, წერილში დიპლომატი ამტკიცებს, რომ თბილისი „მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს“.




























