მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, ცრუ და ფარისევლურია - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოფიციალურად მიიღეს გადაწყვეტილება და საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერეს.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმებას, სააკაშვილის რეჟიმის ოფიციალური პირებისთვის, 2010 წელს მოეწერა ხელი.

ეს ის დროა, როცა უკვე მოხდა:

- სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და ზურაბ ვაზაგაშვილის გამოუძიებელი მკვლელობები,

- ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით, მფლობელებისთვის „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ წართმევა. ეს ის ძებნილი ადეიშვილია, რომელსაც შარშან ბრიუსელის ჩინოვნიკები ზუსტად იმ ოთახებში მასპინძლობდნენ, სადაც დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღეს,

- ციხეში პატიმრების წამების სისტემის საბოლოო ჩამოყალიბება, რომელსაც ბრიუსელი არ იმჩნევდა და რომელსაც, მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლო სისტემურ წამებას უწოდებს,

- 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება,

- ბიზნესის სრულად მოქცევა რეჟიმის რეკეტის ქვეშ,

- და ა.შ. და სხვა მრავალი.

ამ აყვავებული ავტოკრატიის შემქმნელები (და არა ჩვეულებრივი მოქალაქეები) დააჯილდოვა მაშინ ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლით. მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კი კიდევ 7 წელი და "ქართული ოცნების" მიერ რეჟიმის დამარცხება დასჭირდა.

ამიტომ, ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია. თუმცა, იქ, სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა“,-წერს პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც "ოცნების" მთავრობის წევრები ტექნიკურ ნაბიჯს უწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები