ონლაინგამოცემა Euroscope-ის ინფორმაციით, საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ევროკავშირის 10 ქვეყანამ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. გამოცემის ცნობით, ეს ქვეყნებია: რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია. შვედეთი შეზღუდვის დაწესებას აგვისტოდან აპირებს. უნგრეთი და ავსტრია კი ამ ეტაპზე ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ.

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ეს ქვეყნები, ვინც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუუქმეს, საერთაშორისო სამართალს არღვევენ. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, 2010 წელს ევროკავშირ-საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება ამ ტიპის პასპორტებზე უვიზო რეჟიმის შემოღებაზე. პაპუაშვილის მტკიცებით, იქ გაწერილი გარემოებებიდან, რაც ამ რეჟიმის გაუქმების საბაბი შეიძლება გამხდარიყო, ქართულ მხარეს არაფერი დაურღვევია.
"მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი... ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აჰყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ევროკავშირი არღვევს საერთაშორისო სამართალს", - ამბობს პაპუაშვილი.
2025 წლის 27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული პასპორტებზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტით შენგენის ზონაში უვიზოდ ვერ შევლენ მაღალი თანამდებობის პირები. დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტი საქართველოში გაიცემა უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ შორის პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე. ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებზე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მისი მოადგილეებზე; მინისტრებზე; პარლამენტარებზე; გენერალურ პროკურორზე და სხვებზე. უკვე რამდენიმე თვეა ევროკავშირში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ და მოუწოდებენ მთავრობას დაუბრუნდეს ევროპულ გზას, გააუქმოს რეპრესიული კანონები და გაათავისუფლოს დაკავებული პირები.




























